ტურინის „იუვნტუსმა“ სერია A-ში ფრეების სერია შეწყვიტა და გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა პირლოს გუნდი დებიუტანტ „სპეციას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით სძლია.
„იუვე“ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და პაულო დიბალამ ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. მე-16 წუთზე კი დანილომ ვესტონ მაკკენი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამერიკელმა კი ალვარო მორატას ცარიელ კარში გაატანინა. გოლი გაუქმდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გადაამოწმა და თამაშგარე არ იყო. შესაბამისად, გოლი საბოლოოდ ჩაითვალა. სულ მალე მორატამ დუბლი შეასრულა, მაგრამ ამჯერად თამაშგარე იყო და არ ჩაითვალა. ესპანელს მე-6 გოლი გაუუქმეს ამ სეზონში ყველა თამაშგარე მდგომარეობის გამო.
„სპეციამ“ თავისივე პირველივე შანსი გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმიც ასე დასრულა – 1:1.
56-ე წუთზე მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. პორტუგალიელს 3 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად. მორატამ ის მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და პორტუგალიელმა ზუსტად დაარტყა. 10 წუთში ადრიენ რაბიომ ითამაშა საჯარიმოში ტექნიკურად და სხვაობა გაზრადა, შემდეგ კი ფედერიკო კიეზამ პენალტი მოიპოვა, რომელიც რონალდუმ გაიტან და დუბლი შეასრულა.
„იუვენტუსმა“ 123-ე დაბადების დღეზე დამაჯერებლად იმარჯვა და ხასიათი გამოიკეთა. ტურინულ გრანდს 6 ტურში 12 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო შეხვედრას ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „ფერენცვაროშთან“ გამართავს.
„სპეცია“ – „იუვენტუსი“ 1:4 (1:1)
ჩეზენა, „დინო მანუცი“
„სპეცია“ (4-3-3): პროვედელი; ფერერი, ტერცი, შაბო (დელ’ორკო 74), ბასტონი; ბარტოლომეი, რიჩი, პობეგა (ესტევესი 74); ვერდე (აგუდელო 46), ნზოლა, ფარიასი (გიასი 73)
მწვრთნელი: ვინჩენცო იტალიანო
„იუვენტუსი“ (3-5-2): ბუფონი; დემირალი, ბონუჩი (ფრაბოტა 78), დანილო; კუადრადო, მაკკენი (რემზი 61), არტური, ბენტანკური (რაბიო 62), კიეზა; დიბალა (რონალდუ 56), მორატა (კულუშევსკი 77)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 მორატა (16), 1:1 პობეგა (32), 1:2 რონალდუ (59), 1:3 რაბიო (68),1:4 რონალდუ (77, პენ)
გაფრთხილება: შაბო (50), ბარტოლომეი (79) – რაბიო (69)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 8 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:5
მსაჯი: როზარიო აბისო