მთავარი / სიახლეები / როგორი იქნება იტალიის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე – მანჩინის არჩევანი

როგორი იქნება იტალიის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე – მანჩინის არჩევანი

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა და შესაბამისად, ახლა იტალიური მედია იმაზე მსჯელობს, ვინ დაიცავს „სკუადრა აძურას“ ღირსებას ზაფხულში.

განაცხადში რობერტო მანჩინის 23 ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნება, მათ შორის, 3 აუცილებლად მეკარე უნდა იყოს. რამდენიმე დღის წინ მანჩინიმ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე დაკომპლექტებულია და 15-16 ფეხბურთელი ზუსტად იცის, რომ ევროპის ჩემპიონატზე იქნებიან.

Calciomercato სწორედ მანჩნის არჩევანზე აქვეყნეს სტატიას:

მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა და სალვატორე სირუგუ განაცხადში ნამდვილად მოხვდებიან. მესამე მეკარის როლისთვის ალექს მერეტი („ნაპოლი“) და პიერლუიჯი გოლინი („ატალანტა“) იბრძვიან. ამ დროისთვის, „ნაპოლის“ კარის დარაჯს უკეთესი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს.

მცველები – ჯორჯო კიელინი სავარაუდოდ ზაფხულამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს და თუ ასე მოხდება, ნაკრების კაპიტანი თავისთავად განაცხადში იქნება. მასთან ერთად მცველებს შორის ამ ეტაპისთვის ადგილი გარანტირებული აქვთ ლეონარდო ბონუჩის, ალესანდრო ფლორენცისა და ემერსონ პალმიერის. დაცვის ცენტრში სათადარიგო როლისთვის ფრანჩესკო აჩერბი („ლაციო“), არმანდო იცო („ტორინო“), ჯანლუკა მანჩინი („რომა“) და ალესიო რომანიოლი („მილანი“) იბრძოლებენ. მათგან მხოლოდ ორი მოხვდება განაცხადში. ფლანგებზე კი, ორი ადგილისთვის ლეონარდო სპინაცოლა („რომა“), მატია დე შილიო („იუვენტუსი“), დანილო დ’ამბროზიო („ინტერი“), კრისტიანო ბირაგი („ინტერი“), ჯოვანი დი ლორენცო („ნაპოლი“) იბრძვიან.

ნახევარდაცვა – აქ უფრო მეტი სიცხადეა. ნიკოლო ბარელა, მარკო ვერატი და ჟორჟინიო ნაკრებისთვის უკვე შეუცვლელ ფიგურებად ჩამოყალიბდნენ. იგივე შეიძლება ითქვას, სტეფანო სენსიზე და ლორენცო პელეგრინიზე, რომლებიც ნაკრებს ამჯერად ტრავმების გამო დააკლდნენ. რობერტო მანჩინი ყურადღებით დააკვირდება ნიკოლო ძანიოლოს, ბრაიან კრისტანტეს, სანდრო ტონალისა და გაეტანო კასტროვილის. ამ უკანასკნელს ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ „ფიორენტინაში“ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. რაც შეეხება ტონალის, ის იტალიური ფეხბურთის იმედად მიიჩნევა და ლიხტანშტაინთან „აძურას“ მაისური პირველად მოირგო.

თავდასხმა – შეტევაში ხუთი ფეხბურთელის ბედი გარკვეულია: ფედერიკო კიეზა, ანდრეა ბელოტი, ლორენცო ინსინიე, ჩირო იმმობილე და ფედერიკო ბერნარდესკი ევროპის ჩემპიონატზე იქნებიან. დანარჩენი ადგილებისთვის ბრძოლა გაიმართება (სავარაუდოდ ერთი თავდამსხმელი დაემატება სიას) მარიო ბალოტელი, მოიზე კინი, რიკარდო ორსოლინი, სტეფან ელ შაარავი არიან ფეხბურთელები, რომელთაც ამ მომენტისთვის პრეტენზია ექნებათ ნაკრებში თამაშზე.

გარანტირებული პოსტი – შესაბამისად, ამ დროისთვის მანჩინის გუნდში ადგილი გარანტირებული აქვთ: დონარუმა, სირიგუ, მერეტი; ფლორენცი, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი; ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი, სენსი, ლორენცო პელეგრინი; კიეზა, ბერნარდესკი, იმმობილე, ბელოტი, ინსინიე.

17 ადგილი უკვე შევსებულია, დანარჩენი 6 ადგილისთვის კი, ბრძოლა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს და ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს რომში ჩაატარებს. პირველი შეხვედრა კი, 12 ივნისს შედგება, საინტერესოა, რომ „სკუადრა აძურა“ ევრო 2020-ის გახსნით შეხვედრაში ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …