ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. ბოსნიელი სულ მალე ტურინში დაბრუნდება, ოღონდ როგორც მეტოქე. საუბარიც სწორედ ამ თემით დაიწყო.
შემდეგ მირალემი მაურიციო სარის, კრიშტიანუ რონალდუსა და ედინ ჯეკოს საკითხსაც შეეხო.
„ეს იყო ის, რაზეც ვოცნებობდი. ბედნიერი ვარ, რომ ისევ შევხვდები კლუბს, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემს გულშია. ამ პერიოდში ჩემი ყოფილი თანაგუნდელები მესიჯებს მწერდნენ, ანდრეა ანიელიმაც მომწერა, „კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში“. მე კი ვუთხარი, „ახლა უკეთესია, ვიდრე ფინალში“…
სარი? სარი ფეხბურთელებს არ ენდობოდა, მათი არ სჯეროდა. როდესაც ადამიანი ცდება ხალხის შეფასებაში, ცუდია. ყველა ფეხბურთელი ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებდა კლუბისთვის. თუ მწვრთნელი ამას ეჭვქვეშ აყენებს, მაშინ თვალებში ნაპერწკალი და მოტივაცია ქრება. მისი უნდობდლობა მაწუხებდა, როგორც მწვრთნელი, შეიძლება ზოგიერთ მოთამაშეს ვერ შეეგუო და ეს ნორმალურია, მაგრამ მათი ერთგულება და პროფესიონალიზმი არასოდეს ეჭვქვეშ არ უნდა დააყენო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სწორი ატმოსფერო გუნდში არ შეიქმნება, რაც ანიელიმაც თქვა.
როდესაც „იუვეში“ გადავედი, პირველ დღეს ანიელიმ 1930-იან წლებში მოგებული ზედიზედ 5 სკუდეტოს ფოტო მაჩვენა და მითხრა: „ჩვენ ეს შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ“. ეს შევძელით და უფრო შორსაც წავედი. ყოველთვის მადლობელი ვიქნები „იუვეს“, შეიძლებოდა „ბარსაში“ უფრო ადრე წავსულიყავი, მაგრამვფიქრობდი, რომ შესაფერისი დრო არ იყო.
მიხარია, რომ ტურინში ვბრუნდები, მაგრამ სამწუხაროა, რომ ფანები არ იქნებიან, ძალიან მინდოდა ყველას მივსალმებოდი. „იუვეში“ არაჩვეულებრივ ფეხბურთელებთან ვთამაშობდი. ჯიჯი, კიელო, ლეო, შემდეგ კრიშტიანუ და და ბევრი სხვა. მარკიზიოც კი ძალიან დამეხმარა. რონალდუ აბსოლუტური ჩემპიონია, ლიდერი, რომელიც გუნდს ადვილად უერთდება.
პირლოს ამბავი ძალიან მახარებს. ის შეუერთდა კარგ გუნდს, რომელსაც გამარჯვება უნდა და დაკომპლექტებულია მოთამაშეებით, რომლებიც მზად არიან მწვრთნელის დასახმარებლად. განსაკუთრებით ვეტერანი, მაგრამ არამხოლოდ ისინი. ვისურვებდი, რომ პირლოს იგივე სამწვრთნელო კარიერა ჰქონდეს, როგორც ფეხბურთელის ჰქონდა.
დარწმუნებული ვარ, რომ „იუვენტუსს“, როგორც სტრუქტურას ყოველთვის ექნება გამარჯვების ისტორიაშია, რადგან ამისთვისაა შექმნილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „იუვე“ ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. მჯერა, როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩემს შვილთან ერთად „იუვეს“ საქომაგოდ ტურინში ჩამოვალ.
რამდენიმე დღის წინ კრიშტიანუ რონალდუს დავურეკე. მას არასდროს სურს ავად იყოს ან ტრავმა ჰქოდეს, ის გალიაში მყოფი ლომია. მითხრა, რომ კარგადაა, არაფერს გრძნობს. სურს მალე დაბრუნდეს მოედანზე და იმედია, მალე მისი ტესტი უარყოფითი იქნება.
ჯეკო? სასიამოვნო იქნებოდა ჩემს შემდეგ კიდევ ერთი ბოსნიელის „იუვენტუსში“ ხილვა. ვიცი, რომ ახლოს იყვნენ, მასთან კონტაქტი მქონდა. მე ავუხსენი თუ რა იყო „იუვე“ და სად მიდიოდა. თუმცა, საბოლოოდ რა მოხდა, ზუსტად არ ვიცი, ეს ჩემი საქმე არ არის“, – თქვა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა და 178 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. „იუვე“ – „ბარსელონას“ თამაში 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.