ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ ხუან კუადრადოს ტრავმის მიუხედავად „იუვე“ იანვარში მის შემცვლელს არ იყიდის.
პარატიჩი მიიჩნევს, რომ ტურინელთა რიგებში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისს აღმოფხვრავენ. გარდა ამისა, მან ლეონარდო სპინაცოლას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის გუნდში დარჩება.
„კუადრადოს გამო ვწუხვართ და ვუსურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას. ვიმედოვნებთ, რომ მალე დაგვიბრუნდება. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ გვყავს შემადგენლობა, რომლის მეშვეობით მისი შეცვლა შეგვიძლია.
სპინაცოლა უკვე ერთი თვეა მზადაა და ნელ-ნელა საუკეთესო კონდიციებს დაიბრუნებს. ლეონარდო იტალიის ნაკრების ფეხბურთელია , რომელმაც ბოლო წლებში თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა და სწორედ ამიტომაა ჩვენთან“, – განაცხადა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ კუადრადომ მარცხენა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და მოედანზე სამი თვე ვერ გავა. უკვე ცნობილია, რომ კოლუმბიელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვეს“ ვერ დაეხმარება.