ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში „ლეჩესთან“ გასვლით მატჩში ორი ქულა დაკარგა და თუ დღეს „ინტერი“ მოიგებს, ლიდერობასაც დაკარგავს.
მაურიციო სარის გუნდმა მორიგი უსახური თამაში ჩაატარა და „ვია დელ მარეზე“ ბურთის ფლობის გარდა, სხვა ვერაფრით გამოირჩა. იყო საგოლე მომენტებიც, განსაკუთრებით პირველ ტაიმში პაულო დიბალას და მეორე ნახევარში ფედერიკო ბერნარდესკის ძელი, მაგრამ ეს გათამაშების ერთ-ერთ სუსტ გუნდთან ზღვაში წვეთია.
პირველ ტაიმში გონსალო იგუაინმა გაიტანა, მაგრამ გოლი გაუქმდა, რადგან თამაშგარე მდგომარეობაში იყო. დიბალა გაბრიელთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ აჯობა. ნაანტრაქტევს „იუვე“ მალევე დაწინაურდა, მირალემ პიანიჩის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დიბალამ გაიტანა, მაგრამ 6 წუთში „ლეჩემ“ ასევე პენალტით გაათანაბრა. თამაშის წესს ვინ დაარღვევდა თუ არა მატიას დე ლიხტი, რომელსაც ისევ ხელზე მოხვდა ბურთი საკუთარ საჯარიმოში. ჰოლანდიელის თამაშიც ძალიან ბევრ კითხვას ტოვებს.
ამის შემდეგ ყველაზე რეალური მომენტები ბერნარდესკის და ლეონარდო ბონუჩის ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
„იუვენტუსმა“ 23 ქულა დააგროვა, მაგრამ „ინტერი“ სულ მალე „პარმას“ უმასპინძლებს და ტურინელთა ლიდერობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
„ლეჩე“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:0)
ლეჩე, „ვია დელ მარე“
„ლეჩე“ (4-3-1-2): გაბრიელი; მეჩარიელო (რისპოლი 72), ლუჩონი, როსეტინი, კალდერონი; მაიერი (ტაბანელი 58), პეტრიჩონე, ტაკჩიდისი; მანკოსუ; ფარიასი (ლაპადულა 46), ბაბაკარი
მწვრთნელი: ფაბიო ლივერანი
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დანილო (კუადრადო 58), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი (რაბიო 72), პიანიჩი (ხედირა 67), ბენტანკური; ბერნარდესკი; დიბალა, იგუაინი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 დიბალა (50, პენ), 1:1 მანკოსუ (56, პენ)
გაფრთხილება: კალდერონი (13), როსეტინი (18), მანკოსუ (74), ლაპადულა (87) – ბერნარდესკი (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 16 (6) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 3:14 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: პაოლო ვალერი