ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შეაფასა. ჩეხის განცხადებით, უკმყოფილების საბაბი არ აქვთ და შეიძლებოდა უფრო რთული მეტოქე შეხვედროდათ.
„შეიძლება უარესი ყოფილიყო? დიახ, ნამდვილად. არ უნდა ვიწუწუნოთ, შარშან „ატლეტიკო“ შეგვხვდა… ახლა შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ თუ თებერვალ-მარტში ფორმაში არ ვიქნებით, ვერანაირ ბარიერს ვერ გავივლით.
დიახ, „ლიონთან“ ურთიერთშეხვედრებში კარგი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ახლა 2019 წელია, თითქმის 2020. მხოლოდ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ფორმაში ვიყოთ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ.
დიბალა-იგუაინი-რონალდუს ტრიო? კარგია, რომ ერთად თამაშობენ, გუშინ ძალიან კარგად ითამაშეს. ჩემი აზრით, შეუძლიათ ერთად თამაში, როგორც გუშინ გააკეთეს. მათი არჩევა ადვილი იყო და შედეგიც დავინახეთ.
არაა საჭირო ჩემპიონთა ლიგით შეპყრობა, მაგრამ ეს უნდა იყოს კონკრეტული მიზანი. ვგრძნობთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს, თუმცა ასევეა სხვა კონკურენტებიც, რომლებიც იბრძვიან ამ ტურნირის მოსაგებად. საკმარისია ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ტაიმი ჩააგდო და გავარდნილი ხარ.
რონალდუ? ძალიან კარგად ვხედავ, ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ის და ბუფონი არიან ეჭვს არ იწვევენ. მე ყოველთვის მშვიდად ვიყავი. თუ სხვები არ იქნებიან, ის იქნება. გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ფორმაშია. რონალდუს ფიზიკური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ახლა კარგადაა“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “იუვენტუსი” ფრანგულ “ლიონს” დაუპირისპირდება.