ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო მონტერომ Goal-ს ინტერვიუ მისცა. ურუგვაელი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგას წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
– რა იგრძენით, როდესაც ანიელიმ თქვა, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი იყავით?
– ძალიან დიდი სიამაყე. მან ასევე მითხრა, რომ ჩემი ვარსკვლავი შეიძინა. მადლობა პრეზიდენტს ლამაზი სიტყვებისთვის, ჩვენს შორის ყოველთვის თბილი დამოკიდებულება იყო.
– რა მოგონებები გაკავშირებით ანიელისთან?
– ახალგაზრდა იყო, ვარჯიშებზე მამამისთან, უმბერტოსთან ერთად ყოველთვის დადიოდა. ფეხბურთით გატაცებული გახლდათ. ანდრეას „იუვე“ უყვარს, ძალიან ჭკვიანი და პასუხისმგებლიანი ადამიანია, ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რასაც პრეზიდენტი აკეთებს.
– რა არის „იუვენტუსი“ პაოლო მონტეროსთვის?
– სკოლა, რომელიც ცხოვრებას გვასწავლის, გვქონდეს სწორი ღირებულებები. ამასთან, ჩემთვის ნამდვილი ოჯახია.
– ყველაზე დიდი იმედგაცრუება?
– ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ მოვიგეთ საკონტინტენთაშორისო თასი, ევროპის სუპერთასი, რამდენიმე სკუდეტო იმ დროს, როდესაც სერია A ძალიან კონკურენტუნაიანი იყო. მხოლოდ ეს თასი მაკლია, რაც ნამდვილად სამწუხაროა, რადგან ჩვენ საოცარი გუნდი და ფეხბურთელები გვყავდა.
– ბოლო წარმატება 1996 წლის 22 მაისითაა დათარიღებული…
– წარმოუდგენელია ამდენი უიღბლობა. ეს არაა სტრესი ან ზეწოლა, „იუვენტუსს“ ყოველთვის ჰყავდა ისეთი ჩემპიონები, რომლებისთვისაც ასეთ მატჩებში თამაში გაცილებით ადვილი იყო. ყველა ჩატარებული ფინალი მახსოვს და ბევრად მეტი შეგვეძლო. ისევე, როგორც 2015 წელს, როდესაც „იუვეს“ მეორე ტაიმში გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო. თუმცა, ასე არ მოხდა. ვიმეორებ, ფორტუნა ძალიან მნიშვნელოვანია.
– „ბიანკონერის“ „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექი სჭირდება…
– მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები მკაცრი მეტოქეები არიან, „იუვეს“ შეუძლია ბრძოლა. ალეგრი დიდი მწვრთნელია, ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს და გრძელი სათადარიგო სკამი. მაქსი ასეთ თამაშებს ყოველთვის კარგად კითხულობს.
– მოვიდა დრო 5 წლის შემდეგ, რომ მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს?
– მე დიდი ხნის განმავლობაში მარჩელო ლიპი მავარჯიშებდა, რომელსაც ყოველთვის შეეძლო მაღალი ყურადღების შენარჩუნება. „იუვენტუსში“ შეცდომის უფლება არავის აქვს.
– გაგიკვირდებათ ივნისში „იუვენტუსში“ ზიდანი ან კონტე რომ იხილოთ?
– არანაირი სიურპრიზი ეს არ იქნება. „იუვემ“ ძალიან მაღალ დონეს მიაღწია და ნორმალურია, რომ უმაღლეს მწვრთნელებს უკავშირებენ. ჩვენ ორ დიდ მწვრთნელზე ვსაუბრობთ, რომლებიც ტურინულ გარემოს ძალიან კარგად იცნობენ.
– როგორი მწვრთნელია პაოლო მონტერო?
– მწვრთნელი, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება დიდი მწვრთნელები ჰყოლოდა. ყოველი მათგანისგან რაღაც ვისწავლე, ბევრ თამაშს ვუყურებ და ბევრს ვსწავლობ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.
– ოცნებობთ, რომ ერთ დღეს „იუვენტუსის“ მწვრთნელი გახდეთ?
– კარგი იქნებოდა… ცხოვრებაში არასოდეს უნდა თქვა, არასოდეს.