მთავარი / სიახლეები / მეორე წრის მარტივი დასაწყისი

მეორე წრის მარტივი დასაწყისი

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო და „ნაპოლისთან“ 9-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. მასიმილიანო ალეგრის გუნდის მეტოქე გათამაშების აუსტაიდერი „კიევო“ იყო, რომელიც ძალიან სუსტ სეზონს ატარებს.

შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ „იუვემ“ „მფრინავ ვირებს“ ძალიან ადვილად მოუგო და რომ არა ვეტერანი სტეფანო სორენტინო, ანგარიში გაცილებით სოლიდური იქნებოდა. ახლა კი ტურინელებმა 3:0 გაიმარჯვეს. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ჯერ, დუგლას კოშტამ თავისივე სოლორეიდი შორეული გასროლით დაასრულა და ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლო წუთზე კი, პაულო დიბალას შესანიშნავი თამაში და პასი ემრე ჯანმა დააფასა. გერმანელმა შავ-თეთრი მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა. „იუვეს“ თავიდანვე შეეძლო გატანა. კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი შეასრულა, მაგრამ სორენტინომ გატანა არ დაანება. ეს პორტუგალიელის პირველი გაცუდებული თერთმეტმეტრიანია მიმდინარე სეზონში. საერთოდ, კრიშტიანუმ საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გაანიავა და შეიძლება ითქვას, მისი დღე არ იყო.

„იუვენტუსმა“ კი მესამე გოლი მაინც გაიტანა. 84-ე წუთზე ფედერიკო ბერნარდესკის ჩაწოდების შემდეგ დანიელე რუგანიმ თავით ყველას აჯობა და ბურთი ზუსტად გადაგზავნა მეტოქის კარში. „იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 56 ქულა დააგროვა და ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშებას. „ბებერი სინიორა“ მომდევნო ტურში რომში, „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

„იუვენტუსი“ – „კიევო“ 3:0 (2:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): პერინი; დე შილიო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო (კინი 89); ბერნარდესკი (სპინაცოლა 86), ემრე ჯანი, მატუიდი, დუგლას კოშტა (ბენტანკური 76); დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„კიევო“ (3-4-3): სორენტინო; ტომოვიჩი, ბანი, როსეტინი; დეპაოლი (იაროშინსკი 66), ჰეტემაი (ვინიატო 62), რადოვანოვიჩი, კინე; ჯაკერინი, პელისიერი (სტეპინსკი 65), მეჯორინი

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

გოლები: 1:0 დუგლას კოშტა (13), 2:0 ემრე ჯანი (45), 3:0 რუგანი (84)

გაფრთხილება: დე შილიო (80) – ბანი (51), კინე (83)

გამოუყენებელი პენალტი: რონალდუ (52, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (11) – 7 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 12:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მარკო პიჩინინი

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …