ტურინის „იუვენტუსმა“ კონკურენტების წაფორიხლებით ვერ ისარგებლა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა.
მაურიციო სარის ნეაპოლში დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა, რადგან „იუვემ“ „ნაპოლისთან“ უსახური ფეხბურთი ითამაშა და მეტოქის დაცვას განსაკუთრებული პრობლემები ვერ შეუქმნა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ნეაპოლელებმა მეორე ნახევარში შესანიშნავად ითამაშეს. ვოიცეხ შჩესნის ცუდად მოგერიებულ ბურთს პიოტრ ზიელინსკიმ დაამატა და ანგარიში გაიხსნა. „იუვენტუსმა“ კი, საპასუხოდ ხეირიანი მომენტიც ვერ შექმნა. სამაგიეროდ, 86-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
მართალია, ბოლო წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეტისთვის დრო აღარ იყო. პორტუგალიელმა სერია გააგრძელა და ზედიზედ მერვე შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
სხვა მხრივ, „იუვენტუსს“ 51 ქულა დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში „ინტერმა“ და „ლაციომაც“ ვერ მოიგეს, ქულათა სხვაობა შემცირდა. მილანელებს სამი, ხოლო რომაელებს 5 ქულით უსწრებს. თანაც, „ლაციოს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ასე, რომ პოტენციურად უპირატესობა მხოლოდ ორი ქულაა. „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სახლში ფლორენციის „ფიორენტინასთან“ გამართავს.
„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:0)
ნეაპოლი, „სან პაოლო“
„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; ჰისაი, მანოლასი, დი ლორენცო, მარიო რუი; ფაბიან რუისი, დემე (ლობოტკა 69), ზიელინსკი (ელმასი 81); კალეხონი, მილიკი (ლორენტე 90), ინსინიე
მწვრთნელი: ჯენარო გატუზო
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (რაბიო 50), მატუიდი (დუგლას კოშტა 72); დიბალა (ბერნარდესკი 72); რონალდუ, იგუაინი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 1:0 ზიელინსკი (63), 2:0 ინსინიე (86), 2:1 რონალდუ (90)
გაფრთხილება: დემე (30), ჰისაი (76) – ბენტანკური (61), რაბიო (70), ბერნარდესკი (81), დე ლიხტი (85), რონალდუ (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 7 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: მაურიციო მარიანი