ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლეჩესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ და ლეონარდო ბონუჩი ახლო მომავალში დაისვენებენ.
„შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ ამ მომენტში ბევრი არჩევანი არ გვაქვს. ბოლოს 19 ფეხბურთელი გამოვიძახე და აქედან 3 მეკარე იყო. რონალდუ? მისთვის დასვენება აუცილებელია, დღეს დაველაპარაკები და ერთად გადავწყვეტთ როდის დაისვენებ, „ლეჩესთან“ თუ „ჯენოასთან“. ბონუჩის შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა.
დე შილიოს დასაბრუნებლად რამდენიმე დღე კიდევ სჭირდება, რომ 100%-ით მზად იყოს. თუმცა, კარგია ის, რომ ამასთან ახლოსაა. დუგლას კოშტა? ბოლო შემოწმება უარყოფითი იყო, ამიტომ ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა.
დიბალა მიმდინარე სეზონში ყოველთვის კარგად თამაშობს. „ლოკომოტივთან“ ველოდებოდით მისგან დიდ მატჩს. მასში ეჭვი არასდროს შემპარვია.
პიანიჩი შესანიშნავი ხარისხის ფეხბურთელია, ყოველთვის გულწრფელად მომწონდა. ის ყოჩაღია, მაგრამ ანალოგიურად ვფიქრობდი სამი წლის წინაც. მისი მიზანია თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს და ჩემი აზრით, ამისთვის ყველაფერი აქვს.
„ლეჩე“ ძალიან კარგი გუნდია, მებრძოლი, რომელიც არასდროს ნებდება, თუნდაც რთულ სიტუაციებში იყოს. ადვილი თამაში ნამდვილად არ გველოდება“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ლეჩესა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.