ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი რთულ თამაშს ელოდება და ამბობს, რომ „ინტერი“ ამ დროისთვის იტალიაში ყველაზე სრულყოფილი გუნდია.
თუმცა, მიაჩნია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა არ ექნება:
„სკუდეტოსთვის ამ თამაშს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ფსიქოლოგიურად სატურნირო ცხრილი იმოქმედებს, ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად მზად არ ვართ დიდი საქმეების გასაკეთებლად.
დიბალა თუ იგუაინი? შვეხედავთ ბოლო ვარჯიშს, შემდეგ გადავწყვიტავთ. ბუნებრივია, რომ თადარიგში დარჩენილი ფეხბურთელი ბრაზობს, ეს ძალიან კარგია და სწორი რეაქციაა. უკეთესი თვისებები? ითამაშებს ის, ვინც იქნება ფიზიკურად და მენტალურად უკეთ.
ბერნარდესკი? ვფიქრობ, რომ „ლევერკუზენთან“ მისთვის შესაფერის როლში ითამაშა და ეს კარგად გააკეთა. ბოლო ვარჯიშებზე ის ძალიან კარგად გამოიყურება.
„ინტერი“? ჩვენ ვხვდებით ძლიერ გუნდს და შესანიშნავი თამაში იქნება. მას აქვს მყარი და სახიფათო სტილი, ჰყავს საუკეთესო დაცვის ხაზი. ამ მომენტისთვის ჩემპიონატში ყველაზე სრულყოფილი გუნდია. ფავორიტი არ არსებობს. კონტე კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ეს „ინტერშიც“ დაამტკიცა.
ჩვენი დაცვის ხაზი უფრო მაღლა მოქმედებს და ბურთის მოპოვება ასე უფრო ადვილია. არის წინსვლა, გავიზარდეთ, შევცვალეთ თამაშის სტილი და ფეხბურთელებიც. ხვალაც, ხარისხიანი და ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ“, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.