მთავარი / სიახლეები / მაგიური დიბალა!

მაგიური დიბალა!

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დაგეგმილი ქულები მოიპოვა, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდა. არადა, მაურიციო სარის გუნდი აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ „რკინიგზელებმა“ ლამის დიდი სენსაცია გამოაცხვეს.

„იუვეს“ ძალიან უჭირდა მეტოქის კომპაქტურ დაცვაში სივრცეების პოვნა, რაც საგოლე მომენტების შექმნაში სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. საპასუხოდ, „ლოკომოტივიც“ ვერაფერს ახერხებდა შეტევაში, მაგრამ ერთი შედეგიანი შეტევა მაინც განახორციელეს.

მატიას დე ლიხტმა მოედნის ცენტრში საჰაერო ორთაბრძოლა წააგო, ალექსიე მირანჩუკმა ლეონარდო ბონუჩი მოატყუა და ჟოაო მარიო დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა, რომელსაც ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა, დამატებაზე მირანჩუკი ზუსტი იყო – 0:1.

ეს ანგარიში ძალიან დიდხანს შენარჩუნდა და რაც უფრო გადიოდა დრო, მითუფრო კრიტიკული ხდებოდა სიტუაცია. სწორედ ამ დროს საქმეში პაულო დიბალა ჩაერთო. არგენტინელმა ორწუთიან ინტერვალში ნამდვილი შოუ დადგა და პირადად მოუგო მეტოქეს – თანაც გადაუჭარბებლად.

77-ე წუთზე შორეული დარტყმით, ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში ალექს სანდროს არანაკლები დარტყმისა და გილერმეს სეივის შემდეგ დამატებაზე გახლდათ ბრწყინვალე.

„იუვემ“ ძნელად, ნერვიულობს ფონზე და კითხვის ნიშნებით (თამაშის ხარისხთან დაკავშირებით) მოიგო, 7 ქულა დააგროვა და მერვედფინალთან ძალიან ახლოსაა.

„იუვენტუსი“ – „ლოკომოტივი“ 2:1 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (იგუაინი 48), პიანიჩი, მატუიდი (რაბიო 65); ბენტანკური; დიბალა (ბერნარდესკი 81), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ლოკომოტივი“ (4-5-1): გილერმე; იგნატიევი, ჩორლუკა, ჰიოვედესი, იდოვუ; ჟოაო მარიო, ბარინოვი, მურილო, კრიხოვიაკი (კოლომეიცევი 83), ალ. მირანჩუკი; ედერი

მწვრთნელი: იური სიომინი

გოლები: 0:1 ალ. მირანჩუკი (30), 1:1 დიბალა (77), 2:1 დიბალა (79)

გაფრთხილება: მატუიდი (17), კუადრადო (68) – კრიხოვიაკი (72), ბარინოვი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 5 (3) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 11:0 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …