ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას დაშორდა. თანაც ძალიან. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მადრიდში „ატლეტიკოსთან“ უშანსოდ დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ თავი ურთულეს სიტუაციაში ჩაიგდო.
„იუვემ“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ფეხბურთი 45 წუთი ითამაშა. მეორე ტაიმში კი დიეგო სიმეონემ მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკურად აშკარად აჯობა და შედეგიც სახეზეა. ორი სტანდარტი, ორი ურუგვაელი მცველი და ორი გოლი – „როხიბლანკო“ ახლოსაა მეოთხედფინალთან.
თამაშზე ბევრი მოსაყოლი არაფერია, „იუვე“ ყველაზე ახლოს გოლთან მაშინ იყო, როდესაც 0:2 აგებდა. ბერნარდესკის მეკარემ აჯობა. მანამდე, 5-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაუშვა. ჯერ ხიმენესმა გაიტანა, მერე გოდინმა. პირველ გოლზე ბევრი მითქმა-მოთქმაა, ხიმენესი ალბათ არღვევდა ბონუჩიზე თამაშის წესებს, მაგრამ მსაჯმა და ვიდეორეფერიმ ასე არ ჩათვალეს, სამაგიეროდ, გოლი ჩათვალეს. უნდა აღინიშნოს მარიო მანჯუკიჩის საშინელი თამაში – ხორვატმა ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. რონალდუ მეტოქის, არა, მაგრამ საკუთარ კარში გოლთან ახლოს იყო (გოდინის ეპიზოდში).
მოკლედ, რთული ვითარებაა. ვნახოთ, რა შეიცვლება მომდევნო სამი კვირის განმავლობაში. „იუვენტუსს“ უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს და ამ სიტუაციიდან თავი როგორმე უნდა დაიძვრინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ეს იქნება ბოლო წლების ყველაზე წარუმატებელი სეზონი.
ვნახოთ, ჯერ ბრძოლა არ დასრულებულა. რთული ამოცანაა, მაგრამ არა გადაუჭრელი და გამოჩნდება, როგორ გაართმევს თავს დავალებას რონალდუ, ალეგრი და კომპანია…
„ატლეტიკო“ – „იუვენტუსი“ 2:0 (0:0)
მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“
მაყურებელი: 67 193
„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე (კორეა 67), ტომას პარტეი (ლემარი 61), როდრი, საულ ნიგეზი; გრიზმანი, დიეგო კოშტა (მორატა 58)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (ემრე ჯანი 72), მატუიდი (კანსელუ 84); დიბალა (ბერნარდესკი 80), მანჯუკიჩი, რონალდუ
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 ხიმენესი (78), 2:0 გოდინი (83)
გაფრთხილება: დიეგო კოშტა (8), ტომას პარტეი (45), გრიზმანი (89) – ალექს სანდრო (55)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 11 (3) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)