ტურინის „იუვენტუსისა“ და „ვერონას“ მატჩის წინ იტალიურ მედიაში ლუკა ტონის მცირე ინტერვიუ გამოქვეყნდა. ვეტერანი იტალიელი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც თავის დროზე ორივე გუნდში უთამაშია.
ტონის „ვერონაში“ წარმატებული პერიოდი ჰქონდა, ხოლო „იუვენტუსში“ – არა. ეს იტალიელმა თავად განაცხადა:
„იუვეში“ არასწორ პერიოდში მოვხვდი. 2011 წლის სეზონის მეორე ნახევარი იყო საწყისი ეტაპი, როდესაც გუნდი არ იყო შესაბამის დონეზე, მე კი ხშირად ტრავმები მქონდა, ცოტა ვითამაშე და მხოლოდ რამდენიმე გოლი გავიტანე (ორი – ავტ). კიდევ უარესი იყო გაგრძელება. ანტონიო კონტე თავისი გეგმით მოვიდა და მისი ნაწილი არ ვიყავი, ერთი წუთიც კი არ მითამაშია. მწვრთნელს უფლება აქვს თავისი არჩევანი გააკეთოს და გარდა ამისა, კონტემ დაამტკიცა,რომ შესანიშნავი მწვრთნელი იყო. იანვარში გუნდი დავტოვე, მაგრამ პრობლემა არ შემიქმნია. „ვერონას“ რაც შეეხება, იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო, მეორე ახალგაზრდობა მქონდა.
თამაში? „იუვე“ აშკარა ფავორიტია, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოს. „ვერონა“ მიმდინარე სეზონში შესანიშნავია, თავიდან გავარდნის მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ საოცრად თამაშობს“, – თქვა ტონიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ტონი „იუვენტუსში“ 2011-2012 წლებში (იანვრიდან იანვრამდე) თამაშობდა და 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა.