ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა და ფეხბურთელმა კაი ჰავერცმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს. თავდაპირველად ჟურნალისტების წინაშე გერმანელმა შემტევმა ისაუბრა.
„მოედანზე სწორი დამოკიდებულებით უნდა გავიდეთ. გვსურს ეს თამაში მოვიგოთ და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება მადრიდში. „იუვეს“ დიდებული ფეხბურთელები ჰყავს, იმედია ხვალ ლეგენდარული ბუფონის წინააღმდეგ თამაში მომიწევს, რომელიც ბევრისთვის იდეალია, მან ისტორია დაწერა. საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში შესანიშნავია“, – თქვა ჰავერცმა.
რაც შეეხება „ბაიერის“ თავკაც პეტერ ბოშს, ისიც იგივე პათოსით გამოირჩა და თქვა, რომ მისმა გუნდმა მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ითამაშოს:
„გვინდა გავიმარჯვოთ, ეს ყველაფერია. ჩვენთვის კვალფიცირება რთული იქნება, მაგრამ ვიცით, რომ სამი ქულა სახლში უნდა მოვიპოვოთ და შემდეგ ვნახოთ, როგორ დამთავრდება სხვა მატჩი („ატლეტიკო“ – „ლოკომოტივი“). ზეწოლას არ განვიცდით, ჩვენ მხოლოდ ერთი შესაძლო შედეგი გვაქვს“, – აღნიშნა ბოშმა.
შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 11 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.