ვეტერანი იტალიელი მცველი ალესანდრო კოსტაკურტა სერია A-ში პლეი-ოფის ჩატარებას მხარს უჭერს, მაგრამ მიაჩნია, რომ „იუვენტუსს“ და „ლაციოს“ პრივილეგია უნდა ჰქონდეთ, რადგან სხვებზე მეტი ქულა აქვთ. მაგალითად, კოსტაკურტა მიიჩნევს, რომ ისინი ნახევარფინალიდან უნდა ჩაერთონ გათამაშებაში და მასპინძლის როლი უნდა ჰქონდეთ.
„პლეი-ოფი კარგი გამოსავალი იქნება, მე ოთხ გუნდს დავუშვებდი, მაგრამ ექვსიც არ იქნება ცუდი გადაწყვეტილება. პირველ ტურში „ატალანტა“ – „რომა“ და „ინტერი“ – „ნაპოლი“ შეხვდებოდნენ, ხოლო გამარჯვებულები „იუვენტუსს“ და „ლაციოს“. ჩემი აზრით, სატურნირო ცხრილში პირველ-ორ გუნდს („იუვენტუსი“ და „ლაციო“) პლეი-ოფში გარკვეული უპირატესობები უნდა ჰქონდეთ. საგანგებო მდგომარეობაში ეს საუკეთესო გამოსავალია, რომელიც მე მომწონს, მაგრამ სხვებს არა“, – თქვა კოსტაკურტამ.
შეგახსენებთ, რომ როგორ გაგრძელდება და როდის სერია A ჯერ ცნობილი არაა და პლეი-ოფი ერთ-ერთი განხილვის საკითხია.