ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ იტალიურ მედიასთან იაუბრა, როგორც დღევანდელი გუნდის, ისე მისი მმართველობის პერიოდზე.
კობოლი ჯილიმ კალჩოპოლის პროცესი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ „ინტერთან“ დაკავშრებული ფაილები საეჭვოდ გაქრა.
„71 წლის განმავლობაში იუვენტინო ვარ, ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ „ბიანკონერის“ თამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობას ზოგჯერ ვაკრიტიკებ.
მომწონს თუ არა ამჟამინდელი ფეხბურთელები? თამაშებს ყოველთვის ტელევიზიით ვუყურებ. სტადიონზე არ ვყოფილვარ, ერთხელ ვიყავი, მე არ მიყვარს მოქმედი ხელმძღვანელობა, მაგრამ როდესაც ახალი სტადიონის გახსნა იყო, მოწვევა მივიღე და სიამოვნებით წავედი. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ბლანთან ერთად, დაგეგმილი გვქონდა კონტინასასა ტერიტორიის შესყიდვაც, სადაც ახლა ანიელი დიდ საქმეებს აკეთებს. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მე იტალიელებს ვაფასებ, მაგრამ ამ დროისთვის გუნდში ცოტა იტალიელი. კიელინი დროშაა და ვისურვებდი, რომ მალე დაბრუნებულიყოს. ის თამაშს იმ წლებში იწყებდა, როდესაც მე ვიყავი „იუვენტუსში“. ბუფონთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს და მოხარული ვარ, რომ ისევ ამტკიცებს თავის სიძლიერეს. მეიმედება დიბალასი და ვიმედოვნებ, რომ ნამდვილი ჩემპიონი გახდება. სარით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ დიბალა მასთან ერთად უკეთ თამაშობს. იმედია, დიდი ჩემპიონი გახდება, „იუვეს“ ნამდვილი 10 ნომერი. როდესაც „იუვეს“ ვუყურებ, მას ყოველთვის ვგულშემატკივრობ.
ჩემი მმართველობა? სერია B-ში სეზონში ჩვენ მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთეთ. ვისაც ახალი სტადიონის სჯეროდა, ბლანი იყო და მე მას მივყევი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო. „იუვენტუსის“ მიმართ იმ წელს ბოროტება იზრდებოდა. პირველი, რაც ძალიან დაგვეხმარა, 2006 წელს იტალიის მსოფლიო ჩემპიონობა იყო, სადაც 7-8 „იუვენტუსის“ ფეხბურთელი თამაშობდა. შემდეგ განსაკუთრებით რთული წლები იყო. სერია B 30 საჯარიმო ქულით დავიწყეთ, შემდეგ შევძელით ჯარიმის 8 ქულამდე შემცირება.
როდესაც სასამართლო პროცესი იმართებოდა, იქ ყველა გუნდის ფაილები, საქაღალდეები იყო, მაგრამ რატომღაც „ინტერის“ ფაილები გაქრა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და დღემდე არ მესმის რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ არც მაშინ და არც დღემდე, „იუვენტუსის“ არცერთი აპელაცია არ განიხილეს და არ მიიღეს“, – თქვა კობოლი ჯილიმ.