მთავარი / სიახლეები / კიეზას სადებიუტო გოლი და ადვილი გამარჯვება “დინამოსთან”

კიეზას სადებიუტო გოლი და ადვილი გამარჯვება “დინამოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა. ეს თამაში სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, მაგრამ ანდრეა პირლომ მოედანზე მაინც საბრძოლო შემადგენლობა გაიყვანა.

ტურინულმა გრანდმა უკრაინული ფეხბურთის გრანდს ძალიან ადვილად აჯობა. ანგარიში ფედერიკო კიეზამ გახსნა, რომელმაც ალექს სანდროს პასის შემდეგ თავით გაიტანა. ეს კიეზას სადებიუტო გოლია „იუვენტუსის“ მაისურით. საერთოდ ფედერიკო ძალიან აქტიური იყო და მომდევნო ორ გოლშიც მიიღო მონაწილეობა.

პირველ ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო ერთ ეპიზოდში ვოიცეხ შჩესნიმ შესანიშნავი სეივით საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

57-ე წუთზე „იუვემ“ ანგარიშის სხვაობა გაზარდა. კიეზას აქტიურობა რონალდუს გოლით დასრულდა, რომელმაც ცარიელ კარში გადადგზავნა ბურთი. სულ მალე კი ალვარო მორატამაც გაიტანა, კიეზას პასით. ესპანელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თავი მეექვსედ გამოიჩინა.

„იუვემ“ 5 ტურში 12 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა, რადგან „ბარსელონამ“ აქამდე ყველა თამაშში გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილით მერვედფინალში გასვლასთან ძალიან ახლოსაა.

„იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს „ტორინოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდება და პირველ ადგილზე გასასვლელად მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით მოგება სჭირდება (1:3 და ზემოთ).

„იუვენტუსი“ – „დინამო კიევი“ 3:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; დემირალი (დრაგუსინი ), ბონუჩი (დანილო 62), დე ლიხტი; კიეზა (კულუშევსკი 76), ბენტანკური (არტური 76), მაკკენი, ალექს სანდრო; რემზი (ბერნარდესკი 62); მორატა, რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„დინამო კიევი“ (4-3-3): ბუშჩანი; კეძიორა, ზაბარნი, პოპოვი, მიკოლენკო (კარავაევი 84); შეპელევი (გარმაში 72), სიდორჩუკი, შაპარენკო; ციგანკოვი, ვერბიჩი (სუპრიაჰა 72), როდრიგესი (დე პენა 72)

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

გოლები: 1:0 კიეზა (21), 2:0 რონალდუ (57), 3:0 მორატა (66)

გაფრთხილება: ბენტანკური (10) – ზაბარნი (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 7 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: სტეფანი ფრაპარი (საფრანგეთი)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …