ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ტელეკომპანია DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ამ დიალოგიდან მცირე ნაწყვეტი, რომელიც მის მეტსახელსა და ჯანლუიჯი ბუფონს შეეხებოდა, რამდენიმე დღის წინაც გაგაცანით.
ახლა კი, კლაუდიოს სრული ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც იტალიელმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და განვლილი კარიერა გაიხსენა.
„ყველაზე ძლიერი იუვენტინო, რომელიც მინახავს, ალესანდროა (დელ პიერო). დელ პიეროსთან ერთად ყოფნისას მეგობრობაზე ვფიქრობ. ეს არის სურათი (უყურებს ფოტოს, სადაც ერთად არიან – ავტ), მთელ ვნებას შეიცავს. ალექსი ჩემი კუმირი იყო ბავშვობაში და შთამბეჭდავია, რომ გოლებს ერთად აღვნიშნავდით.
დიბალას 10 ნომერი? ის ჩემთვის „იუვეს“ ყველა დროის 10 ნომრების საუკეთესო ხუთეულში შედის. მოხიბლული ვარ როდრიგო ბენტანკურის პროგრესით და ასევე მახარებს პაულოს შურისძიება. მან დაამტკიცა, როგორც ადრე, რომ ნამდვილი ჩემპიონია.
ჩემთვის „იუვენტუსის“ საუკეთესო შემადგენლობა? ეს არის ანტონიო კონტეს გუნდი, რომელმაც პირველი სკუდეტო მოიგო (2011-2012 წლების სეზონი – ავტ).
ცხადია, სიამოვნებით ვითამაშებდი რონალდუსთან ერთად. იმ ზაფხულს, ბევრმა მითხრა, რომ არ შემეძლი წასვლა იმ მომენტში, როდესაც ჩვენთან რონალდუ მოვიდა, მაგრამ ცხოვრებისეული არჩევანი არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული თუ ვინ მოდის გუნდში. კრიშტიანუ „იუვენტუსს“ მეტი სილამაზე შემატა და აამაღლა გუნდი, რომელიც უკვე იმყოფებოდა დიდ სიმაღლეზე.
ინიესტა? აუხსნელია, როგორც ვერ მოიგო მან „ოქროს ბურთი“. მისი თამაშის ყურება იგივეა, როგორც ჩოგბურთში ფედერერის ყურება. მას სამი ტვინი აქვს – მარჯვენა ფეხში, მარცხენა ფეხში და თავში. მისი ყურება სუფთა სიამოვნება იყო. მან ნამდვილად იცოდა ბურთით თამაში და ყოველთვის შეეძლო ამის დამტკიცება მეტოქეებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად და სპორტულად ბევრი მასზე ძლიერი გახლდათ.
ჯიჯი ნამდვილი დროშაა. ერთადერთი ჩემი აზრით, ჩემი ნამდვილი კაპიტანი. მეკარეები საკუთარი განზომილებით ცხოვრობენ, უცნაურები არიან, თუნდაც იმიტომ, რომ მოედანზე სხვებთან ერთად არასდროს არიან. მათ ჰყავთ საკუთარი მწვრთნელი, პირადი ვარჯიშები აქვთ, ამიტომ გუნდთან ერთად ნაკლებად უწევთ ვარჯიში. მეკარეებზე ყოველთვის ამბობენ, რომ ცოტათი გიჟები და ექსცენტრიულები არიან და ეს მართალია. თუმცა ჯიჯიმ, როგორც კაპიტანმა, ყოველთვის იცოდა როგორ ეხელმძღვანელა დაცვისთვის, თუნდაც მაშინ, როცა ამას სხვები ვერ ამჩნევდნენ. ეს თანდაყოლილი ნიჭია.
რატომ მეძახიან „პრინჩიპინოს“? ეს ფედერიკო ბალძარეტის დამსახურებაა. მოედანზე ელეგანტურად ჩაცმული გავედი და ამიტომ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სპორტული სამოსით გავიდა, მე დახეული ჯინსით და პერანგით ვიყავი. შედეგად, ერთ მშვენიერ დღეს ფედერიკო მეუბნება: „შენ პატარა პრინციპივით გამოიყურები“. ყველაფერი იქ დაიწყო.
18-19 წლის ასაკში პირველ გუნდთან ერთად ფაბიო კაპელოს ხელმძღვანელობით ვვარჯიშობდი და გვიან რამდენჯერმე მანქანაშიც დამძინებია. ერთ დილას დელ პიეროს მანქანის ძრავის ხმამ გამაღვიძა. მანქანაში დავიძინე იმიტომ, რომ იმდენად გვიანი იყო, სახლში წასვლა არ იყო მოსახერხებელი. ამიტომ, ავტოსადგომზე მეძინა და მივესალმე დელ პიეროს, რომელმაც ეს არ იცოდა და კომპლიმენტი მითხრა ვარჯიშზე დროული მისვლისთვის.
მნიშვნელოვანი მწვრთნელები? პირველ ეს იყო დიდიე დეშამი: ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან რთული პერიოდი იყო, სერია B-ში ვთამაშობდით და ეს იყო დიდი რწმენის გამოვლინება. ჩირო ფერარამ მოედანზე იდენტობა მომცა, მასთან ერთად „მეძალას“ პოზიციაზე დავიწყე თამაში და გოლების გატანასაც მოვუხშირე. ანტონიო კონტე ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო: მან მოთამაშეებს „იუვენტუსის“ სული დაუბრუნა, მან მოგვიტანა მოედანზე გამარჯვება, მაგრამ პირველ რიგში მოედნის მიღმა, საკუთარ თავთან მოგვაგებინა.
სამწვრთნელო კარიერა? არის მომენტები, როდესაც თვლი, რომ ამის გაკეთება შეგიძლია, რადგან ეს ჩემი ცხოვრება იყო და თანაგუნდელებთან ერთად თამაშს ვაანალიზებდი. მაგრამ თამაშის ანალიზი არ ნიშნავს, რომ მწვრთნელობა იცი. სიმონე ინძაგი ძალიან მაკვირვებს, ნამდვილად კარგად აკეთებს თავის საქმეს. დაამტკიცა, რომ მომზადებულია და არც ისე ბევრი მწვრთნელია, რომლებიც კარიერის განმავლობაში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდნენ.
დიახ, მინდორი ძალიან მენატრება. მენატრება გაზაფხულზე მოჭრილი ბალახის სუნი, გულშემატკივრების ემოცია, ახალ მაისურსაც სიამოვნებით მოვირგებდი. მენატრება გოლის გატანის ემოცია. გამარჯვების ემოცია მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება. როგორც ანტონიო კონტე ამბობს, დამარცხების სიმწარე გაცილებით დიდხანს გრძელდება. ყველაზე მეტად რას გამოვყოფ? რა თქმა უნდა, ტრიუმფალურად მოგებულ პირველ სკუდეტოს (2012 წელს).
მომავალში ჩემს თავს „იუვენტუსში“ რა თქმა უნდა, წარმოვიდგენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად მოხდება. დივერსიფიკაციაა საჭირო, რომ გავიგო, რა იქნება ჩემი მომავალი“, – თქვა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიო „იუვენტუსის“ აკადემიაში 1991 წელს მოხვდა, ხოლო 2006 წელს მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. შავ-თეთრი მაისურით „პრინჩიპინომ“ 389 მატჩი ითამაშა და 37 გოლი გაიტანა.