ტურინის „იუვენტუსი“ 2018 წელს ტურინიდან მოშორებით დიდებულად თამაშობს. „ბებერ ქალბატონს“ მიმდინარე წელს ოთხი გასვლითი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი – „ფიორენტინა“, „იანგ ბოიზი“, „ტორინო“ და „ატალანტა“.
თუ „იუვე“ ამ შეხვედრებს არ წააგებს, 2018 წელს სტუმრად დაუმარცხებელად დაასრულებს.
სერია A-ში ალეგრის ბიჭებმა დღემდე 16 გასვლითი თამაშიდან 13 მოიგეს და 3 ფრე ითამაშეს. ხოლო, თუ ამას იტალიის თასსა და ჩემპიონთა ლიგას დაუმატებთ, უფრო შთამბეჭდავ ციფრებთან გვექნება საქმე – 18 მოგება, 3 ფრე, 0 წაგება.
„იუვე“ ტოპ 5 ჩემპიონატიდან ერთადერთი გუნდია, რომელიც 2018 წელს სტუმრად არ დამარცხებულა.
მიმდინარე წელს საგარეო გამარჯვებებიდან რამდენიმე გამოსარჩევია: 3:1 “სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალთან“, 2:1 „უემბლიზე“ „ტოტენჰემთან“, 1:0 „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერთან“, 2:0 „მესტალიაზე“ „ვალენსიასთან“, 3:2 „სან სიროზე“ „ინტერთან“, 1:0 „ოლიმპიკოზე“ „ლაციოსთან“ და ასევე, სტუმრის რანგში მოგებული ტურინული დერბი.
თუმცა, დღეს „იუვე“ უკვე „არტემიო ფრანკიზე“ აპირებს შესანიშნავი სერიის გაგრძელებას.