ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა და ახლა ერთადერთი გამარჯვება აშორებს ზედიზედ მერვე სკუდეტოსთან.
31-ე ტურში „იუვემ“ „მილანს“ უმასპინძლა და ძალზე დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და პირველ ტაიმში „როსონერი“ შესამჩნევად უკეთ თამაშობდა. ამან შედეგი 39-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ლეონარდო ბონუჩის ცუდი პასი ფრანკ კესიემ ჩაჭრა და მერე კშიშტოფ პიონტეკმა გაიტანა – 0:1. გოლი დამსახურებული იყო, რადგან „იუვენტუსს“ იქამდე არაფერი შეუქმნია და მხოლოდ საკუთარ ნახევარზე იყო გამაგრებული. თუმცა გაშვებულმა გოლმა მასპინძლები გამოაცოცხლა, რასაც ტაიმის ბოლოს სახიფათო მომენტი მოჰყვა. მარიო მანჯუკიჩს პეპე რეინამ აჯობა.
მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით დაიწყო. თავიდან „მილანი“ ისევ უპირატესობას დაეუფლა და თამაშს აკონტროლებდა. თუმცა, მე-60 წუთზე მატეო მუსაკიომ პაულო დიბალა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა.
„იუვე“ გაშვებულმა გოლმა გამოაფხიზლა და სახიფათო მომენტები შექმნა. გოლთან ახლოს იყვნენ ალექს სანდრო და ფედერიკო ბერნარდესკი, ხოლო 84-ე წუთზე მატჩის გმირი ისევ მოიზე კინი გახდა. 19 წლის ფორვარდმა მირალემ პიანიჩის კარგი პასის შემდეგ იდეალურად და აუღებლად დაარტყა. „მილანსაც“ ჰქონდა სახიფათო მომენტები, მაგალითად პიონტეკსა და ჩალჰანოღლუს, მაგრამ ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, 2:1 „იუვენტუსის“ სასარგებლოდ.
„ბებერმა სინიორამ“ 84 ქულა დააგროვა და თუ ხვალ „ნაპოლი“ „ჯენოასთან“ დამარცხდება, ჩემპიონი ოფიციალურად გახდება. თუ არადა, შემდეგ ტურში 3 ქულა საკმარისი იქნება. მომდევნო მატჩი კი, 10 აპრილს, „აიაქსთან“ შედგება.
„იუვენტუსი“ – „მილანი“ 2:1 (0:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო; დე შილიო, ბერნარდესკი, ბენტანკური, ემრე ჯანი (ხედირა 25), სპინაცოლა (პიანიჩი 61); დიბალა (კინი 66), მანჯუკიჩი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„მილანი“ (4-3-3): რეინა; კალაბრია (კუტრონე 86), მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი; კესიე, ბაკაიოკო, ჩალჰანოღლუ; სუსო (კასტილიეხო 76), პიონტეკი, ბორინი
მწვრთნელი: ჯენარო გატუზო
გოლები: 0:1 პიონტეკი (39), 1:1 დიბალა (60, პენ), 2:1 კინი (84)
გაფრთხილება: ბერნარდესკი (41), მანჯუკიჩი (86) – მუსაკიო (59), ჩლჰანოღლუ (77)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 12 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: მიშელ ფაბრი