პორტუგალიის ნაკრებისა და „სევილიას“ თავდამსხმელი ანდრე სილვა შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, „მილანი“, რომელსაც სილვას სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, ფეხბურთელის ტურინულ გრანდში გასხვისებას გეგმავს.
„როსონერის“ ანდრე სილვას გონსალო იგუაინში გაცვლა უნდა და სწორედ ამიტომ მზადაა, რომ პორტუგალიელი „სევილიას“ არ დაუთმოს, ზაფხულში უკან დაიბრუნოს და შემდეგ „იუვეში“ გაუშვას.
თუმცა, უცნობია, რამდენად დათანხმდება აღნიშნულ გარიგებას „ბებერი სინიორა“. მაგრამ, ნიშანდობლივია ის, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში თავის მემკვიდრედ სწორედ ანდრე სილვა დაასახელა და შესაძლოა ამ გარემოებამ ახლაც იქონიოს გავლენა.
აქვე გეტყვით, რომ თავად პორტუგალიელს „სევილიაში“ დარჩენა არ სურს. მიმდინარე სეზონში ანდრე სილვამ 23 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.