ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსი“ „პორტუს“ ესტუმრა და მწარე ალიყური იგემა. როგორც ჩანს, ტურინში შეცდომებზე სწავლა უკვე ნამდვილად უჭირთ.
ორი წლის წინ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგიდან „აიაქსმა“ გააგდო, შარშან „ლიონმა“ და ორივე შემთხვევაში გამოკვეთილი ფავორიტი იყო. ახლა უკვე „პორტუსთანაც“ იგივე ვითარებაა და ვერ ვიტყვით, რომ მეოთხედფინალში გასვლის შანსი ანდრეა პირლოს გუნდს, რომელიც საშინლად თამაშობს, დიდი აქვს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – ბოლო სამ სეზონში „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მერვედფინალური მატჩი წააგო („ატლეტიკოსთან“ 0:2, „ლიონთან“ 0:1 და „პორტუსთან“ 1:2).
„პორტუმ“ უკვე დაწერა ისტორია – პირველად დაამარცხა „იუვენტუსი“ და ოდნავ რომ გმართლებოდა, გოლსაც არ გაუშვებდა, შეიძლება მეტიც გაეტანა. და რა ხდება „იუვეს“ თამაშში? 63-ე წამზე როდრიგო ბენტანკურმა დაიძინა საჯარიმოში და მეჰდი ტარემს საგოლე პასი გაუკეთა. პირველ ნახევარში პირლოს გუნდმა ვერაფერი შექმნა. დაიწყო მეორე ტაიმი და ისევ რამდენიმე წამში დაცვაში კოშმარული თამაში მარეგამ გოლით დაასრულა.
ტურინელები არც ამას გამოუღვიძებია და გოლიც არსაიდან ჩანდა. მაგრამ 82-ე წუთზე ადრიენ რაბიომ და ფედერიკო კიეზამ შექმნეს და ამ გოლმა „იუვენტუსს“ შანსი დაუტოვა. თუმცა, თუ შარშან „ლიონთან“ რაც მოხდა გავიხსენებთ და ამას გუნდის სათამაშო ფორმას, ფეხბურთელების ტრავმიანობას დავუმატებთ, რთულია იმის თქმა, რომ მეოთხედფინალში გასვლის შანსი დიდია.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 1:2-ს დაქაჩვა შავ-თეთრებს შეუძლიათ და ყველაფერი სამ კვირაში გამოჩნდება. იმ მატჩში ნამდვილად ვერ ითამაშებს დანილო, რომელიც დისკვალიფიცირებულია, ჯერ უცნობია ითამაშებენ თუ არა ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, არტური, ხუან კუადრადო, რადგან ტრავმები აქვთ. პაულო დიბალაც დაშავებულია, მისი დაბრუნება ყოველდღიურად გადაიდო და „პორტუსთან“ მატჩში ის განაცხადში ფორმალურად იყო, მატჩამდევე თქვა პირლო, რომ სათამაშოდ მზად ისევ არ იყო…
„პორტუ“ – „იუვენტუსი“ 2:1 (1:0)
პორტუ, „დრაგაუ“
„პორტუ“ (4-4-2): მარკესინი; მანაფა, მბემბა, პეპე, ზაიდუ; კორონა (ნდიაიე 90), ურიბე, ოლივეირა (კონსეისაო 90), იტავიო (ლუის დიასი 57); მარეგა (გრუიჩი 66), ტარემი
მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო
„იუვენტუსი“ (4-4-2): დანილო, დე ლიხტი, კიელინი (დემირალი 35), ალექს სანდრო; კიეზა, ბენტანკური, რაბიო, მაკკენი (მორატა 63); კულუშევსკი (რემზი 77), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 1:0 ტარემი (2), 2:0 მარეგა (46),2:1 კიეზა (82)
გაფრთხილება: დე ლიხტი (63), დანილო (81), დემირალი (87), ალექს სანდრო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (5) – 9 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:5
მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე (ესპანეთი)