ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლებს. „ბებერი სინიორასა“ და „ფარმაცევტების“ გზები აქამდე ორჯერ გადაიკვეთა.
2001-2002 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპის (მაშინ პლეი-ოფები მეოთხედფინალიდან იწყებოდა და სამაგიეროდ, ორი ჯგუფური ეტაპი ტარდებოდა) პირველი ტურის მატჩი ტურინში შედგა.
შეხვედრა თავდაპირველად გადაიდო, რადგან „დელე ალპიზე“ ძლიერი ნისლი ჩამოწვა (ეს საკმაოდ ხშირად ხდებოდა). თამაში საბოლოოდ მეორე დღეს, შუადღით შედგა და „იუვე“ იმ დღეს შეუჩერებელი იყო.
დავიდ ტრეზეგემ დუბლი შეასრულა, რასაც ალესანდრო დელ პიერომ და იგორ ტუდორმაც დაუმატეს თითო გოლი და საბოლოოდ მარჩელო ლიპის გუნდმა 4:0 იმარჯვა.
მეხუთე ტურში კი, ეს გუნდები უკვე გერმანიაში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც მასპინძლები უფრო ძლიერნი გამოდგნენ. ჰანს იორგ ბუტის, ტომას ბრადარიჩისა და მარკო ბაბიჩის გოლებს ტურინელთაგან გოლით იგორ ტუდორმა უპასუხა.
ხსენებულ ორ მატჩში მოედანზე იყო ჯანლუიჯი ბუფონი. ის ერთადერთია ორივე გუნდის რიგებში, რომელიც მაშინაც თამაშობდა და ახლაც აქს მოედანზე გასვლის შანსი.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლევერკუზენის“ შეხვედრა 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.