მატის დე ლიხტი ხვალ ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. საინტერესოა როგორი ისტორიაა „იუვენტუსსა“ და ჰოლანდიელ ფეხბურთელებს შორის, რომელიც მდიდარი და საამაყო ნამდვილად არაა.
აქამდე „ბებერი სინიორას“ რიგებში მხოლოდ 6 ჰოლანდიელ ფეხბურთელს უთამაშია, რომელთაგანაც ტურინში კვალი მხოლოდ ედგარ დავიდსმა დატოვა.
ედგარ დავიდსი
ეს არის ჰოლანდიელი, რომელმაც „იუვენტუსში“ ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი. 235 თამაში ყველა ტურნირის ჩათვლით 7 სეზონში, 1997-2004 წლებში. გაიტანა 10 გოლი. აგრესიული ნახევარმცველი, „პიტბულის“ მეტსახელით ცნობილი. მოიგო სამი სკუდეტო, ორი იტალიის სუპერთასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო. ტურინში „მილანიდან“ 9 მილიარდი ლირის სანაცვლოდ გადავიდა, 2001 წელს 4-თვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა.
ედვინ ვან დერ სარი
„აიაქსში“ გატარებული 9 სეზონის შემდეგ 1999 წელს „იუვენტუსში“ გადავიდა და იქ 2 სეზონი ითამაშა. ედვინი იყო „იუვეს“ ისტორიაში პირველი უცხოელი მეკარე. პირველი სეზონი შედარებით პოზიტიური იყო, მაგრამ მეორე სეზონი – ნაკლებად. რამდენიმე მძიმე შეცდომა ჰქონდა, მათ შორის „რომასთან“, რომელიც სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტი თამაში იყო. შემდეგ კი „ფულჰემში“ გაიყიდა, ტურინში 88 თამაში ჩაატარა.
ელჯერო ელია
სურინამული წარმოშობის ნახევარმცველი ალბათ ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. „იუვემ“ 2011 წლის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 9 მილიონი ევრო გადაიხადა და მისი დებიუტი კატანიაში შედგა. თუმცა, ანტონიო კონტეს ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა, მოიგო სკუდეტო, მაგრამ ამაში მისი წვლილი არ ყოფილა.
ლეანდრო ფერნანდეს და კუნია
წარმოშობით ანგოლიდანაა, 1999 წელს დაიბადა. ტურინში 2018 წლის ზაფხულში აღმოჩნდა და „იუვენტუსის“ 23 წლამდე გუნდში თამაშობს. მთავარ გუნდთან ერთად მხოლოდ ამხანაგურ თამაშებში იმყოფება. თამაშობს გამთამაშებლის პოზიციაზე და ძალიან კარგად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს.
სერხიო დე ვინდტი
მარცხენა მცველი, რომელიც „აიაქსის“ აკადემიაშ ირჯებოდა, მაგრამ ტურინში ნაკლებად ბედნიერი პერიოდი გაატარა. „იუვენტუსში“ დავიდსის რჩევით 2000-2001 წლების სეზონში მხვდა. 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მთავარ გუნდშ ვერც კარლო ანჩელოტისა და ვერც მარჩელო ლიპის დროს მოიკიდა.
უასიმ ბუი
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც მოლოდინი ვერ გაამართლა. პრაქტიკულად არასდროს უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტე მასში პირლოსთან კარგ მეწყვილეს ხედავდ. სერია A-ში საერთოდ არ უთამაშია, ხოლო იტალიის თასზე 22 წუთი ითამაშა და პრიმავერაშიც რამდენიმე თამაში ჩაატარა. მერე განათხოვრებული იყო „ბრეშაში“, „ჰამბურგში“, „პალერმოსა“ და საბერძნეთში.