ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და 2019-2020 წლების სეზონი დაასრულა. „ლიონთან“ ერთბურთიანი ჩამორჩენა „იუვემ“ ვერ აღმოფხვრა და ჩემპიონთა ლიგა ისევ გვერდზე დარჩა.
მემფის დეპაიმ ძალიან საეჭვო პენალტით „ლიონი“ მე-12 წუთზე დააწინაურა და მაურიციო სარის გუნდის საქმე ძალიან დაამძიმა. ტურინელებს სამი უპასუხო გოლი ჰქონდათ გასატანი და ვერ გაიტანეს.
პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა გაათანაბრეს კრიშტიანუ რონალდუს პენალტით და იმედი გაიჩინეს. მე-60 წუთზე რონალდუმ შორი დისტანციიდან დუბლი შეასრულა და 2:1. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა „ლიონის“ ხელთ იყო. ამიტომ „ბიანკონერის“ მესამე გოლი სჭირდებოდა და 30 წუთი ჰქონდა.
გოლი ვერ გაიტანა და ასპარეზობას გამოეთიშა. მაურიციო სარის პირველი სეზონი სკუდეტოთი, იტალიის თასის ფინალით და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალით შემოიფარგლა. ეს ცუდი შედეგია.
„იუვენტუსი“ – „ლიონი“ 2:1 (1:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
უმაყურებლოდ
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო (დანილო 70), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (რემზი 60), რაბიო; ბერნარდესკი (დიბალა 70, ოლივიერი 84), იგუაინი, რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ლიონი“ (3-5-2): ლოპეში; დენაიერი (ანდერსენი 61), მარსელო, მარსალი; დუბუა (ტეტე 90), კოკრე, გიმარაეში, აუარი (მენდესი 90), კორნე; დეპაი (დემბელე 67), ეკამბი (რეინ-ადელაიდი 67)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 0:1 დეპაი (12, პენ), 1:1 რონალდუ (43, პენ), 2:1 რონალდუ (60)
გაფრთხილება: კუადრადო (31), ბენტანკური (44) – აუარი (19), დუბუა (38), დეპაი (42), ლოპეში (76), კორნე (79), კოკრე (87), მარსალი (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 4 (1) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 7:2
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)