ტურინის „იუვენტუსს“ თუ სკუდეტოს მოგება უნდა, შეცდომა აღარ უნდა დაუშვას, მაგრამ როგორც ჩანს, ანდრეა პირლოს გუნდის რესურსი ამ ამბიციას არ შესაბამება, რადგან ტურიდან ტურამდე ზედიზედ ორი გამარჯვებაც კი სანატრელია.
„იუვე“ „ვერონას“ ესტუმრა და საოცრად დაულაგებელი ფეხბურთით მორიგი ორი ქულა დაკარგა. კრიშტიანუ რონალდუმ ფედერიკო კიეზას პასით მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გახსნა, მაგრამ 77-ე წუთზე ანტონინ ბარაკმა გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. რომ არა ვოიცეხ შჩესნი,“იუვენტუსი“ ამ ქულასაც ვერ მოიპოვებდა. გაშვებული გოლი კი საკუთარ ნახევარზე მორიგ დაკარგულ ბურთს მოჰყვა და ასეთი ეპიზოდი „ბენტეგოდიზე“ უამრავი, მაგრამ ტურინელთა საბედნიეროდ, ვერონელებმა მხოლოდ ერთი საჩუქარი შეირგეს და, თუ სეზონს ავიღებთ მხედველობაში, ძალიან ძნელი იქნება იმ გოლების დათვლა, რომელიც „იუვენტუსმა“ საკუთარ ნახევარზე არაზუსტი გადაცემით თუ დაკარგული ბურთის შედეგად გაუშვა.
ანდრეა პირლო დაჟინებით ითხოვს, რომ მისმა გუნდმა შეტევა უკნიდან, საკუთარი საჯარიმოდან დაიწყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ავიწყდება თავისი ფეხბურთელების მახასიათებლები, რომელიც აშკარად არ არის შესაფერისი ახალგაზრდა სპეციალისტის იდეებთან.
ამასობაში ორი ქულა ისევ დაიკარგა და სკუდეტოზე ფიქრი უკვე უტოპიას ემსგავსება და უფრო მეტიც, ასე თუ გაგრძელდება, პირლოს გუნდს ოთხეულში მოხვედრაც გაუჭირდება.
და, ის ფაქტია, რომ პირლოს უამრავი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, გუნდის ასეთ უხარისხო, უშინაარსო თამაშს არ ამართლებს. „იუვენტუსში“ ზაფხულში დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს, სხვანაირად პროგრესზე ფიქრი რთული იქნება.
„ვერონა“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:0)
ვერონა, „ბენტეგოდი“
„ვერონა“ (3-4-2-1): სილვესტრი; მანიანი, გიუნტერი, ლოვატო; ფარაონი (დავიდოვიში 84), სტურარო (ვიეირა 68), ილიჩი (ველოზუ 46), დიმარკო (ლაზოვიჩი 52); ბარაკი, ძაკანი (ბესა 84); ლაზანია
მწვრთნელი: ივან იურიჩი
„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; დემირალი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; კიეზა (დი პარდო 86), რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი; რემზი (მაკკენი 68); კულუშევსკი, რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 რონალდუ (49), 1:1 ბარაკი (77)
გაფრთხილება: ბარაკი (45), დავიდოვიში (90) – რემზი (18), დე ლიხტი (33)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 15 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ფაბიო მარესკა