ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ვერონასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ძალიან დასანანი ქულები დაკარგეს და ეს გამოუცდელობას დააბრალა.
როგორც პირლომ აღნიშნა, მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, რომლებიც ჯერ ვერ აცნობიერებენ მატჩში მნიშვნელოვან მომენტებს. მან დახმარებისთვის კრიშტიანუ რონალდუსა და ალექს სანდროს მიმართა, მაგრამ მხოლოდ ორი გამოცდილი ფეხბურთელით ანგარიშის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.
„დასანანია, რადგან ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ბრძოლა მოგვიწევდა. ეს კარგად გვქონდა გაცნობიერებული, შეგვეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ აგრესია გვაკლდა, განსაკუთრებით გაშვებული გოლის მომენტში, ჩაწოდების არეალი მეტოქისთვის უნდა შეგვემცირებინა. სამწუხაროდ, არსებობს წვრილმანები, რამაც შეიძლება მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინოს და ქულები დაგაკარგვინოს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია.
სამი მცველით თამაში არ იყო ნაკარნახევი „ვერონას“ სქემით, არამედ, თუ გადავხედავთ ფეხბურთელების დანაკლისს, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ალექს სანდრო აქამდეც მყავდა გამოცდილი, როგორც მესამე ცენტრალური მცველი. თუ 4 მცველი გაკლია, ფლანგის ფეხბურთელები და თავდამსხმელი, მითხარით, რა იყო საუკეთესო გამოსავალი. რატომ არა დრაგუსინი? ის არ არის ფლანგის მცველი და არასდროს უთამაშია ფლანგზე, მან ითამაშა მხოლოდ მესამე ცენტრალურ მცველად და ამ კვირაში ვარჯიშებზეც არ ყოფილა ფლანგზე. კომენტარის გაკეთებამდე საჭიროა თამაშებს უკეთ უყუროთ, არმგონია ამას კარგად აკეთებდეთ. ბერნარდესკი და კიეზა პოზიციის გარეშე? კიეზა შემტევი ფლანგელია, მაგრამ მას ხშირად უთამაშია ამ როლში. ბერნარდესკი ყოველთვის ამ ფუნქციას ასრულებდა და ალბათ ისინი იყვნენ ერთადერთი ფეხბურთელები, რომლებიც იდეალურ პოზიციაზე იყვნენ. რატომ არ გამოვიყვანე 1:0-ზე ფლანგის მცველი და არ გადავეწყვე 4-მცველიან ტაქტიკაზე? მინდოდა ეს გამეკეთებინა, მაგრამ სათადარიგო სკამზე მივიხედე და ისეთი არავინ იყო, რომ ოთხ მცველზე გადავსულიყავით.
როდესაც იგებ, უნდა სცადო მატჩის მოგება. რა თქმა უნდა, გვაკლდა გამოცდილი ფეხბურთელები, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავდა და ვერ გააცნობიერეს რა მიმართულებით მიდიოდა თამაში. სინამდვილეში რონალდუს და ალექს სანდროდ ვთხოვე, რომ ეს პასუხისმგებლობა აეღოთ, როგორც გამოცდილ მოთამაშეებს და ელაპარაკათა მათთან, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ორი ფეხბურთელი ამისთვის ძალიან ცოტაა. ძალიან სამწუხაროა, რომ ორი ქულა დავკარგეთ.
სეზონის სტარტიდან ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ. თამაშიდან თამაშამდე ვიყურებით და ვნახოთ საბოლოოდ სად ვიქნებით. ამ თამაშში 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა მოვამზადეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ინტენსივობა დაეცა, თუმცა ასეთ გრაფიკში ეს ნორმალურია, დაღლილობა გუნდს დაეტყო. „ვერონასთან“ თამაში ყოველთვის რთულია. მორატა და დიბალა ძალიან დაგვაკლდა, ისინი ნებისმიერ გუნდს მოერგებოდნენ და ჩვენთვისაც დიდი ძალა არიან“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 46 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 2 მარტს შინ „სპეციასთან“ გამართავს.