მთავარი / ბლოგი / გულშემატკივრის ისტორია – “იუვენტუსით” ცხოვრება

გულშემატკივრის ისტორია – “იუვენტუსით” ცხოვრება

მამაჩემი 1978 წლიდან „იუვენტუსის“ გულშემატკივარია. ის მიყვებოდა, რომ 11 წლის იყო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ნახა, რომელიც არგენტინაში ტარდებოდა და შეუყვარდა იტალია, შემდეგ კი მისი მოთამაშეები, რომლებიც „იუვენტუსის“ რიგებში გამოდიოდნენ. ანტონიო კაბრინის საპატივსაცემულოდ, სკოლის პიჯაკს „ნომერი 4“ დააწერა, რის გამოც მისი მშობლები დირექტორთან გამოიძახეს, მაგრამ ამით მამაჩემი ძალიან ამაყობდა.

წარმოუდგენელი იყო არ შემყვარებოდა ფეხბურთი. ეს ალბათ მამაჩემის დამსახურებაა. კიდევ კარგი, ჩვენ  ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ. მამაჩემი იხსენებს, რომ ის უთანხმდებოდა ჟურნალ-გაზეთების გამყიდველებს, რომ მათ დაეტოვებინათ მისთვის ყოველკვირეული „ფეხბურთი-ჰოკეი“ და სხვა სპორტული გაზეთები. ამის მეშვეობით, იგი იგებდა ამბებს იტალიის ჩემპიონატზე და მის საყვარელ კლუბზე.

მე ძალიან მომწონდა ფერნანდო ტორესი.  მის გამო დავიწყე „ლივერპულის“ ყველა მატჩის ყურება. როდესაც ინგლისში ვიყავით, „ენფილდზე“ ექსკურსია-ტური ვიყიდეთ. იქ, სხვათა შორის, არის კუთხე, რომელიც „იუვენტუსი“ – „ლივერპულის“ საზარელ ჩემპიონთა თასის ფინალს ეძღვნება.

შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა გამიტაცა. ის არამხოლოდ  შესანიშნავი მეკარეა, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანიც. მას პატივს სცემენ ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეებიც კი. ასე, ნელ-ნელა, ჩემს ცხოვრებაში „იუვენტუსი“ „შემოიპარა“. ახლა ორივე კლუბს ვქომაგობ.

გასულ წელს მამაჩემის სანუკვარი ოცნება ახდა – ჩვენ ერთად წავედით ტურინში „იუვეს“ თამაშის საყურებლად. ეს ემოციები სამუდამოდ გაგვყვება. თავიდან ჩვენ „იუვენტუსის“ ქართულ ფან-კლუბში გავწევრიანდით, შემდეგ მილანამდე ავიაბილეთები ვიყიდეთ  და იქედან ტურინში მატარებლით წავედით. მამაჩემი ისე ნერვიულობდა, რომ მატარებელში „იუვენტუსის“ შარფი და საქართველოს დროშა დაკარგა. მაგრამ მისი ნერვიულობა ცოტა ხანს გაგრძელდა, რადგან როდესაც სტადიონს მივუახლოვდით, პოზიტიური ემოციებით დავიმუხტეთ. მამაჩემი ასეთი არასდროს მინახავს. ის „იუვენტუსის“ ჰიმნს მღეროდა, იმის მიუხედავად, რომ სიმღერა არ ეხერხება. ეს ჰიმნი მას ტელეფონშიც აქვს ჩაწერილი. ის ეხუტებოდა „იუვეს“ ყველა გულშემატკივარს, კლუბის მაღაზიის გამყიდველებს და „იუვენტუსის“ პრესსამსახურის კოლეგებს ეცნობოდა.

მატჩის წინ ნამდვილი სპექტაკლი იყო. როგორ ხვდებიან ფეხბურთელებს! სასწაული ემოციებია! „ბოლონიასთან“ მატჩში მანჯუკიჩს არ უთამაშია, მაგრამ ტრიბუნა ყველაზე მხურვალედ მას უკრავდა ტაშს. ვფიქრობ, რომ მანჯუკიჩი და კიელინი დღევანდელი „იუვენტუსის“ სახეები არიან. ისინი განასახიერებენ კლუბის სულს და ნებას. რადგან მხოლოდ გამარჯვებას აქვს მნიშვნელობა. კრიშტიანუ რონალდუ კი მშვენივრად შეეწყო კლუბს და „მასზე მუშაობს“ . იმედია, „იუვენტუსი“ ამ სეზონში მოახერხებს ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასის აწევას.

ახლა მამაჩემი არ იშორებს „იუვენტუსის“ ბრელოკს და ბრასლეტებს, რომლებსაც „Fino Alla Fine”  აწერია. ვიმედოვნებთ, რომ ამ წელს ისევ დავესწრებით „იუვეს“ მატჩს. მამაჩემი მეუბნება, რომ მასში დიდი ხანია „იუვენტუსის“ ნაწილი ცხოვრობს. ალბათ, მეც შემიძლია ჩემზე იგივე ვთქვა…

ალექსანდრა ვიგნანსკაია

შემთხვევითი სიახლე

პიანიჩი: “სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში რთულია, მაგრამ წინ მივდივართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში ბოსნიელმა მესამე გოლი გაიტანა. გარდა ამისა, …

მაურიციო სარი: “შეცდომები გვაქვს, მაგრამ სწორ გზაზე ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბოლონიასთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, შეცდომები იყო, …