ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „ბრეშას“ უმასპინძლა და გამარჯვება მოახერხა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მისი მეტოქე გათამაშების ერთ-ერთი ყველზე სუსტი გუნდია და დიდი ხანია გასავარდნ ზონაში იმყოფება.
„იუვეს“ კრიშტიანუ რონალდუ არ ეხმარებოდა, რომელიც სამწვრთნელი შტაბთან შეთანხმებით ისვენებდა. სამაგიეროდ, განაცხადში მოხვდა ჯორჯო კიელინი და ითამაშა კიდეც!
იქამდე, სანამ ჯორჯო დაბრუნდებოდა, „იუვემ“ „ბრეშას“ ორი გოლი გაუტანა. პირველი ტაიმის ბოლოს ბრეშელმა ფლორინ აიემ ორი ყვითელი ბარათი სამწუთიან ინტერვალში მიიღო და მოედანი დატოვა. 39-ე წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა.
პაულო დიბალამ საჯარიმო დარტყმა ჩინებულად შეასრულა. მეორე ტაიმში „იუვენტუსი“ ათკაციან მეტოქესთან დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტების სათანადად რეალიზება ვერ შეძლო. მხოლოდ ხუან კუადრადომ იხეირა ბლეზ მატუიდის კარგი პასით.
78-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩი ჯორჯო კიელინიმ შეცვალა. კაპიტანი აგვისტოს შემდეგ დაბრუნდა და ბუნებრივია, „ალიანც სთედიუმი“ აპლოდისმენტებით შეეგება. ნელ-ნელა კიელომ ძველი ფორმა უნდა დაიბრუნოს. კიელინი დაბრუნდა, მაგრამ მირალემ პიანიჩი დაშავდა.
ბოსნიელი მხოლოდ 7 წუთი იყო მოედანზე, ცვლილებზე შევიდა და მალევე შესაცვლლელი გახდა. დაზიანების სიმძიმე უცნობია. „იუვენტუსმა“ კი ამ გამარჯვებით 57 ქულა დააგროვა და დღეს მისი კონკურენტების, „ლაციოსა“ და „ინტერის“ ურთიერთდაპირისპირებას მიადევნებს თვალს.
„იუვენტუსი“ – „ბრეშა“ 2:0 (1:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, რუგანი, ბონუჩი (კიელინი 78), ალექს სანდრო; რემზი (პიანიჩი 65, მატუიდი 73), ბენტანკური, რაბიო; კუადრადო, იგუაინი, დიბალა
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ბრეშა“ (4-3-1-2): ალფონსო (ანდრენაჩი 9), საბელი, მატეუ, ჩანსელორი, მარტელა; ბიზოლი, დესენა, ბიარნსონი (ნდოი 80); ჟრმალი (სკრაბი 90); აიე, ბალოტელი
მწვრთნელი: დიეგო ლოპესი
გოლები: 1:0 დიბალა (39), 2:0 კუადრადო (75)
გაფრთხილება: ბონუჩი (19), იგუაინი (43), ბენტანკური (65) – აიე (34, 37)
გაძევება: აიე (37)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (11) – 5 (2) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 16:2 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: დანიელე ჩიფი