ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ემერსონი Tuttojuve-ს ესაუბრა. ბრაზილიელმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა, როგორც დრევანდელი გუნდის შესახებ, ისე იმ პერიოდზე, როდესაც თავად თამაშობდა.
– ემერსონს დღეს ყველაზე მეტად რომელი მოთამაშე ჰგავს?
– არასდროს მომწონდა პარალელების გავლება. დღეს ნამდვილად ვერ ვხედავ ფეხბურთელს, რომელსაც ჩემნაირი თვისებები აქვს. ძალიან მომწონს არტური „ბარსელონადან“, ხარისხიანი ბიჭია დიდი პიროვნული თვისებებით. ასევე უნდა გამოვყო კაზემირო „რეალიდან“. ამ ორ ფეხბურთელს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვთ.
– „იუვენტუსზე“ რას ფიქრობთ, რომელმაც უკვე ლამის მოიგო სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. ელოდით, რომ ჩემპიონატი მარტში დაიხურებოდა?
– „იუვე“ იტალიაში ყოველთვის ძლიერია, განსაკუთრებით ბოლო წლებში დიდი ხარისხი აჩვენა და თამაშებს ადვილად იგებს. არიან სხვა გუნდები, რომლებიც ცდილობენ მიახლოევბას, მაგრამ „ბიანკონერი“ ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.
– კრიშტიანუ რონალდუთი და ქამ-ბექის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება რეალური გახდა?
– დიახ, „იუვენტუსს“ შეუძლია ამ თასის მოგება და „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ მეტი შანსი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ რონალდუც აქაა, რომელსაც ტრავმა აქვს, მაგრამ იმედია მოედანს მალე დაუბრუნდება. ის დიდი ჩემპიონია და განსაკუთრებით ძლიერია რთულ მომენტებში, როდესაც გუნდი მასზეა დამოკიდებული.
– მასიმილიანო ალეგრისა და ფაბიო კაპელოს შორის პარალელის გავლება შეგიძლიათ. თითქოს ამ გუნდს შედეგი აქვს, მაგრამ ლამაზად არ თამაშობს…
– ვერ დაგეთანხმებით. „იუვენტუსი“ შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და ეს ევროპაში ბოლო მატჩშიც დაამტკიცა. თუ კარგად არ თამაშობ, ქამ-ბექი შეუძლებელია. ეს გუნდი არ თამაშობს „ბარსელონასავით“, რადგან ფეხბურთელების თვისებები განსხვავებულია. ასე იყო კაპელოს „იუვეც“. ჩვენ გვყავდა დელ პიერო, ტრეზეგე, ვიეიერა და სხვები, რომლებმაც ბურთთან მოპყრობა იცოდნენ. ძალიან ძლიერები ვიყავით, შეგვეძლო პრესინგით ბურთი მალევე მოგვეპოვებინა. აქ ყოველთვის გამარჯვებაა მნიშვნელოვანი სხვა გამოსავალი არ არსებობს. და ეს ბიჭები დიდი ხანია ამას კარგად აკეთებენ.
– რომელი გუნდი უფრო ძლიერი იყო?
– რთულია პასუხი ამ კითხვაზე. ახლა სხვა ეპოქაა, მაშინ სხვა ეპოქა იყო. ჩვენ ძლიერი კონკურენტები გვყავდა, ანჩელოტის „მილანი“, მანჩინის „ინტერი“, „რომა“, რომელმაც მანამდე ცოტა ხნით ადრე სკუდეტო მოიგო. სერია A დღეს განსხვავებულია.
– რა აკლია „იუვენტუსის“ ნახევარდაცვას, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს?
– ვფიქრობ, „იუვენტუსში“ კარგად მუშაობენ. მჯერა იმ ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ და ცალსახაა, რომ მომავალ სეზონში კონკურენციისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. რემზი? კარგი ფეხბურთელია, რომელიც გუნდის განმტკიცებას ხელს შეუწყობს.
– დუგლას კოშტა ტრავმირებულია, ალექს სანდრო კი შესაძლოა ზაფხულში გუნდიდან წავიდეს. რას ფიქრობთ, დუგლასის კონდიციებსა და მარსელო-ალექს სანდროს ბარტერზე?
– დუგლას კოშტა ძალიან მომწონს, როგორც ფეხბურთელი და სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები აქვს. ის ერთ-ერთი საუკეთესოა მარცხენა ფლანგზე. ალექნს სანდრო განსხვავებული ფეხბურთელია, მაგრამ თავს ძალიან კარგად იცავს და ასე ეხმარება თავს გუნდს. მარსელო კი, თუ ჯანმრთელად არის, მსოფლიოში საუკეთესოა.
– რა აკლია დიბალას, რომ გახდეს ისეთი 10 ნომერი, როგორიც დელ პიერო იყო?
– ჩემი აზრით, ევროპაში თავისი თვისებების ჩვენება, რომელიც იტალიაში უკვე აჩვენა. მან უნდა გააკეთოს ის, რასაც ხალხი ფიქრობს, უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა ევროპასა და არგენტინის ნაკრებში.
– 2004 წელს თქვენ „რომადან“ „იუვენტუსში“ გადახვედით, სადაც უკვე სკუდეტო მოგებული გქონდათ, ხოლო ორი წლის შემდეგ „რეალში“. კალჩოპოლის გამო თუ კაპელოს გამო, რომელიც „რეალში“ წავიდა?
– როდესაც „რომა“ დავტოვე გუნდს ფული სჭირდებოდა და პრეზიდენტთან უკვე მქონდა შეთანხმება, რომ გუნდი უნდა დამეტოვებინა. შემდეგ „იუვენტუსის“ წინადადებაც გაჩნდა. ამ ორ გუნდს შორის ყოველთვის დიდი დაპირისპირება იყო და სამწუხაროდ, ქომაგებმა ვერ გაიგეს სიტუაცია. ეს უკვე დახურული თემაა. მე ყოველთვის საუკეთესოს ვირჩევდი და დიდ პატივცს ვცემდი იმ გუნდის, რომლის ღირსებასაც ვიცავდი.
– რომ არა კალჩოპოლი „იუვენტუსში“ დარჩებოდით?
– რა თქმა უნდა, კი. თუმცა ყველაფერი აკლჩოპოლმა შეცვალა. „იუვენტუსი“ ვერ შეძლებდა ყველა ფეხბურთელის შენარჩუნებას, ამიტომაც, მე კანავარო, იბრაჰიმოვიჩი, და ვიეირა გუნდიდან წავედით. სხვები კი დარჩნენ და გუნდი იქ დააბრუნეს, სადაც მისი ადგილი იყო.
– ამ შესანიშნავ გუნდს შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება? ყველა ჯერარდის შესახებ დღემდე საუბრობს…
– შეგვეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რადგან კაპელომ გუნდი სწორედ ამისთვის მოამზადა. თუ ცუდად არ მახსოვს, ორი-სამი ძლიერი ფეხბურთელიც დავიმატეთ, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვინდოდა.