ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელის თაობაზე ყოველდღე ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება. Tuttosport-ის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრის მემკვიდრეთა შორის მთავარი ფავორიტი დიდიე დეშამია.
ასევე განიხილება პეპ გვარდიოლასა და მაურიციო სარის სახელებიც, მაგრამ მათი „იუვეში“ ხილვა ამ ეტაპისთვის საკმაოდ ბუნდოვანია. იგივე ითქმის მაურისიო პოჩეტინოზე, რომელიც ალბათ „ტოტენჰემს“ დატოვებს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ხელფას 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ძალიან დიდი თანხაა და ეს დიდი პრობლემაა ტურინელთათვის.
ამ ყველაფერის ფონზე დეშამის ტურინში დაბრუნების საკითხი უფრო და უფრო რეალური ხდება. დიდიე „იუვეს“ ღირსებას 1994-1999 წლებში იცავდა და წარმატებითაც. შემდეგ, 2006-2007 წლების სეზონში გუნდს სერია B-ში თავკაცობდა და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ხელმძღვანელობასთან ტრანსფერებზე შეუთანხმებლობის გამო პოსტი თავისივე ნებით დატოვა.
დეშამმა სახელი „მონაკოში“ გაითქვა, როგორც მწვრთნელმა, რომელიც 2004 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. მოგვიანებით, „მარსელი“ საფრანგეთის ჩემპიონი გახადა, ხოლო საფრანგეთის ნაკრები ევრო 2016-ის ფინალში გაიყვანა და გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონი გახადა.