მატიას დე ლიხტი ბოლო დროს „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და ამან ბევრი კითხვა გააჩინა. Tuttosport-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელის უთამაშებლობის მიზეზი ტრავმაა.
დე ლიხტს მხრის პრობლემა აღენიშნება, რის გამოც მოედანზე სრული დატვირთვით გასვლა არ შეუძლია და მაურიციო სარის რისკზე არ მიდის.
„იუვეს“ დე ლიხტთან მიმართებაში პროგრამა ჰქონდა შემუშავებული, რომლის მიხედვით გუნდს ნელ-ნელა უნდა შერწყმოდა, მაგრამ ჯორჯო კიელინის მძიმე ტრავმის შემდეგ თავიდანვე მუდმივად თამაში მოუწია. „ატალანტასთან“ მატჩში კი, მხრის დაზიანება მიიღო.
ახლა კლუბი ფეხბურთელის ფიზიკური პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, რომ სულ მალე 20 წლის ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაში იყოს.