ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატეის დე ლიხტმა უეფას ვებგვერდთან ისაუბრა. ჰოლანდიელი მცველი „ლიონთან“ მოახლოებულ დაპირისპირებას და ზოგადად ჩემპიონთა ლიგას შეეხო.
„ლიონში“ ორი ჩემი ეროვნული ნაკრების თანაგუნდელი თამაშობს, მემფის დეპაი და კენი ტეტე. მათ წინააღმდეგ მითამაშია, როდესაც „აიაქსში“ ვთამაშობდი, შესაბამისად, ამ სტადიონს და გუნდს ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ძლიერი გუნდია ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ამ თვალსაზრისით „აიაქსის“ მსგავსია, რადგან შეუძლიათ ახალგაზრდებს დაეყრდნონ, რომლებსაც განვითარების სურვილი აქვთ. მემფისს მძიმე ტრავმა აქვს და მომდევნო თვეები მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ „ლიონი“ მის გარეშეც ძლიერია და ამიტომ მზად უნდა ვიყოთ.
ერთი-ერთზე თამაშის არ მეშინია, ეს ჯერ კიდევ „აიაქსში“ ვისწავლე. იტალიაში ხშირად თავს სხვა გზით იცავენ და ადაპტაცია ადვილი არაა. ბოლო წლებში ტექნიკა უფრო მნიშვნელოვანი გახდა. „იუვენტუსი“ იტალიის საუკეთესო გუნდია, უნდა შეტევა და გამარჯვება. სარის ხელში მნიშვნელოვანია შეტევის დაცვიდან პასებით დაწყება. 15 წლამდე ნახევარდაცვაში ვთამაშობდი და ეს მეხმარება ტექნიკის დახვეწაში.
მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების გვჯეროდეს. ვმუშაობთ, ვიცით, რომ ძლიერები ვართ, გვაქვს ხარისხი და უნდა დავამტკიცოთ ასეთ თამაშებში, როგორიც „ლიონთან“ გველოდება. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა გამარჯვებას, რადგან იღბალიც საჭიროა. თუმცა, ცხადია, ამისთვის ყველაფერი გვაქვს და ვნახოთ“, – თქვა დე ლიხტმა.