ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და სკუდეტოს ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა. „სარდინია არენაზე“ მასიმილიანო ალეგრის გუნდი დიდი დანაკლისით ჩავიდა, მაგრამ „კალიარი“ უშანსოდ დაამარცხა.
მასპინძლებს გოლის გატანის რეალური შანსი მთელი თამაში არ მისცემიათ, რაც რა თქმა უნდა, „იუვეს“ კარგი თამაშის დამსახურებაა. ტურინელებმა კი გოლებიც გაიტანეს და საგოლე მომენტებიც შექმნეს.
ანგარიში 22-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ გახსნა, რომელმაც ფედერიკო ბერნარდესკის კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე შესანიშნავად ითამაშა და ალესიო კრანიოს შანსი არ დაუტოვა. „ბებერი სინიორა“ თამაშს კარგად აკონტროლებდა და მეტოქეს დაცვაში სივრცეებს საერთოდ არ უტოვებდა. რამდენიმე კარგი შანსი გაანიავა მოიზე კინმა, რომელსაც კრანიომ რამდენჯერმე მოუგო დუელი.
თუმცა, 85-ე წუთზე როდრიგო ბენტანკურის ჩინებული გადაცემის შემდეგ 19 წლის ფორვარდმა მოედანი უგოლოდ მაინც არ დატოვა. კინმა გაიტანა და რასისტული შეტევის მსხვერპლიც გახდა. საბოლოოდ, „იუვემ“ 2:0 მოიგო და 81 ქულა დააგროვა.
მომდევნო მატჩს კი 6 აპრილს, შინ „მილანთან“ ჩაატარებს.
„კალიარი“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)
კალიარი, „სარდინია არენა“
„კალიარი“ (4-3-1-2): კრანიო; სრნა, ჩეპიტელი, პისაჩენე, ლიკოიანისი; იონიცა (ბირსა 68), ჩიგარინი, ფარაგო (პადოინი 76); ბარელა; ჟოაო პედრო (ჩერი 76), პავოლეტი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; კასერესი (ბენტანკური 62), ბონუჩი, კიელინი; დე შილიო, ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი, ალექს სანდრო; ბერნარდესკი, კინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 ბონუჩი (22), 0:2 კინი (85)
გაფრთხილება: ჟოაო პედრო (34), ლიკოიანისი (39), სრნა (85) – კინი (22), ბერნარდესკი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 11 (6) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: პიერო ჯაკომელი