მთავარი / სიახლეები / დამაჯერებელი გამარჯვება

დამაჯერებელი გამარჯვება

ტურინის „იუვენტუსმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია (იტალიის თასზე და სერია A-ში) დაასრულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი „სასუოლოს“ ესტუმრა და შეიძლება ითქვას, დამაჯერებლად მოიგო.

ტურინელთათვის შედარებით რთული დასაწყისი გამოდგა, თუმცა შემდეგ მთელი შეხვედრა მათი კარნახით მიმდინარეობდა. ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის ამჯერადაც არ უთამაშიათ, თუმცა, დაცვის ხაზმა წინა მატჩისგან განსხვავებით უშეცდომოდ ითამაშა.

„იუვემ“ ანგარიში 23-ე წუთზე გახსნა. მირალემ პიანიჩისა და კრიშტიანუ რონალდუს კომბინაციის შემდეგ პორტუგალიელი დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა, თუმცა ანდრეა კონსილიმ აჯობა. დამატებაზე კი სამი ხედირამ ყველას დაასწრო და „იუვენტუსი“ დაწინაურდა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმი ჩაატარა. თუ არ ჩავთვლით ვოიცეხ შჩესნის შეცდომას, რომელიც კარიდან დაუფიქრებლად და შეცდომით გამოვიდა, როცა დომენიკო ბერარდიმ ცარიელ კარში ვერ გაიტანა, „იუვეს“ კართან სახიფათო მომენტი მეორე ნახევარში არ შექმნილა. საპასუხოდ, ტურინელები შეტევაში სახიფათოდ ირჯებოდნენ და არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა.

70-ე წუთზე პიანიჩის კუთხურის შემდეგ რონალდუმ თავით შესანიშნავად ითამაშა და ანგარიში გაიზარდა, ხოლო მატჩის მიწურულს, დიბალა-კრიშტიანუს ჩინებული კომბინაციაც გოლით დაგვირგვინდა. პორტუგალიელმა ემრე ჯანს უპასა და გერმანელმა ერთი შეხებით გაიტანა – 3:0.

„პარმასთან“ და „ატალანტასთან“ ორი იმედგაცრუების შემდეგ ალეგრის გუნდმა რეჯიო ემილიაში მართლაც კარგი სათამაშო ხარისხი აჩვენა და დაამტკიცა, რომ კრიზისზე საუბარი გადაჭარბებულია. გამორჩეული თამაში ჩაატარა რონალდუმ, რომელმაც სამივე გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.

„იუვეს“ ახლა 63 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ნაპოლის“ 11 ქულით გაასწრო. მომდევნო შეხვედრას კი 15 თებერვალს, შინ „ფროზინონესთან“ გამართავს.

„სასუოლო“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:1)

რეჯიო ემილია, „მაპეი სთედიუმი“

„სასუოლო“ (4-3-3): კონსილი; ლიროლა, მანიანი, პელუზო, როჯერიო; ბურაბია (მანიანელი 79), სენსი, ლოკატელი; ბერარდი, ბაბაკარი (ბოგა 59), ჯურიჩიჩი (მატრი 56)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, რუგანი, კასერესი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 66), პიანიჩი, მატუიდი (ემრე ჯანი 85); ბერნარდესკი (დიბალა 83), მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ხედირა (23), 0:2 რონალდუ (70), 0:3 ემრე ჯანი (86)

გაფრთხილება: მანიანი (30), ბურაბია (38), ლიროლა (90) – პიანიჩი (6), ალექს სანდრო (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 10 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …