ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და „ნაპოლისთან“ ქულათა სხვაობა 11-მდე გაზარდა. „ბებერი სინიორა“ დედაქალაქში ჩავიდა, სადაც „ლაციოს“ ესტუმრა და ძალიან მძიმე თამაში ჰქონდა.
75 წუთის განმავლობაში მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და „იუვეს“ არათუ კარში დაურტყამს, არამედ საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. საპასუხოდ, ვოიცეხ შჩესნიმ რამდენჯერმე იყოჩაღა და რომ არა ის ანგარიში უცილობლივ გაიხსნებოდა.
თუმცა, პოლონელი 59-ე წუთზე ვერაფერს გახდა. თუ იქამდე, რომაელ შემტევებს უმკლავდებოდა, თანაგუნდელი ემრე ჯანის თავური მისთვის აუღებელი აღმოჩნდა. გერმანელმა ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გაიხსნა. იქამდე, ერთი ცუდი ამბავი მოხდა ტურინელთათვის. მეათე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ კოჭი იტკინა. თამაში თავდაპირველად გააგრძელა, მაგრამ 41-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა და მოედანი კოჭლობით დატოვა. ამ დროისთვის უცნობია ტრავმის ხარისხი.
რაც შეეხება თამაშს, მისი სურათი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ალეგრიმ ცვლილებებს მიმართა.მოედანზე ფედერიკო ბერნარდესკი და ჟოაუ კანსელუ გამოჩნდნენ. სწორედ ამ ორი ფეხბურთელის აქტივობით ყველაფერი შეიცვალა.
74-ე წუთზე ბერნარდესკის გარღვევის შემდეგ კარში დიბალამ დაარტყა (პირველად!), ხოლო ბერიშას მოგერიებულს ჟოაუ კანსელუმ დაამატა და „იუვეს“ მაისურით სადებიუტო გოლი მიითვალა. 88-ე წუთზე მეორე გოლიც ბერნარდესკი-კანსელუს დუეტმა შექმნა. რონალდუს კარგი პასით ფედერიკო ფლანგზე ხელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდა და კარის გაწვრივ პასი გააკეთა, სადაც კანსელუ „ლაციოს“ მცველებმა წააქციეს. შედეგად, პენალტი დაინიშნა, რომელიც რონალდუმ გოლად აქცია. ბოლოს, კანსელუ-ბერნარდესკი მესამე გოლს ქმნიდა, მაგრამ ბოლო პასმა არ ივარგა. თუმცა, შეხვედრა „იუვენტუსის“ გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
ტურინელებმა 59 ქულა დააგროვეს და 21 ტურის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობენ. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო მატჩს 30 იანვარს, იტალიის თასზე „ატალანტასთან“ ჩაატარებს.
„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:0)
რომი,“სტადიო ოლიმპიკო“
„ლაციო“ (3-4-3): სტრაკოშა; ბასტოსი (ნეტო 90), უოლასი, რადუ; პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი; ლუის ალბერტო (ბერიშა 81), იმმობილე (კაისედო 83), კორეა
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი (კიელინი 41), რუგანი, ალექს სანდრო; ბენტანკური, ემრე ჯანი, მატუიდი (ბერნარდესკი 60); დუგლას კოშტა (კანსელუ 70), დიბალა, რონალდუ
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 ემრე ჯანი (59, ა.გ), 1:1 კანსელუ (74), 1:2 რონალდუ (88, პენ)
გაფრთხილება: ლუკას ლეივა (49), მილინკოვიჩ-სავიჩი (80) – ემრე ჯანი (24), მატუიდი (49), დე შილიო (70), რუგანი (73), კიელინი (80)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 4 (3) ბურთის ფლობა:47%-53% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: მარკო გუიდა