ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა და მის მდგომარეობაზე ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, მაურიციო სარიც იმავე საკითხებზე ესაუბრება, რაზეც მასიმილიანო ალეგრი.
როდრიგო მიიჩნევს, რომ უფრო მეტად ეგოისტი უნდა გახდეს და ასე შეძლებს გოლების ხშირად გატანას.
„როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი შთაგონება ლამპარდი და ჯერარდი იყვნენ. შემდეგ ყოველთვის მომწონდა ბუსკეტსის თამაში, რომელიც დიდებული ფეხბურთელია. ახლა ბედნიერება მავს პიანიჩთან ერთად ვითამაშო, რომელიც წარმოუდგენელი მოთამაშეა, მეგობარი, რომლისგანაც ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ. ის მეუბნება, რომ თავს კომფორტულად უნდა ვგრძნობდე, რადგან მაქვს საკმარისი ხარისხი. მირალემი ამ პოზიციაზე შესანიშნავად თამაშობს და მისი ჩანაცვლება რთულია. მე უკეთ ნახევარდაცვის ცენტრში მარჯვნივ ვთამაშობ და ამას ვადასტურებ.
გამთამაშებლის პოზიციაზე ყველაფერი იცვლება. ვიცი, რომ უნდა ვიმუსაო და მოვუმატო, რადგან მწვრთნელი სხვადასხვა პოზიციებზე მიყენებს. ეს შესანიშნავი პოზიციაა, რადგან კართან ახლოს ხარ, თავდამსხმელებთან უფრო ახლოს მოქმედებ. ამ პოზიციაზე რიკელმე ძალიან მომწონდა, მას არავინ გავდა. ასევე რეკობა, რომელსაც პატარაობაში ვუყურებდი. ახლა რთულია გამთამაშებლების პოვნა და ამიტომ, ისევ რიკელმეს ვიდეობს ვუყურებ, როდესაც „ბოკაში“ თამაშობდა.
სარიც იგივეს მეუბნება, რასაც ალეგრი: შენ შეგიძლია მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი გახდე, მაგრამ გოლების გატანა უნდა დაიწყო. მენტალურად ვფიქრობ, რომ უკეთეს პოზიციაში მყოფ თავდამსხმელს პასი გავუკეთო, ვიდრე გოლი გავიტანო. ამიტომ, უფრო მეტად ეგოისტი უნდა გავხდე.
აქ მოსვლის პირველივე დღიდან მენტალობა შევიცვალე: ერთადერთი გამარჯვებაა, რასაც აზრი აქვს! „იუვე“ ოჯახია და ყველაფერი უნდა მოიგო. გონებრივად ბევრი რამ შეიცვალა, ახლა ყველა ტიტულის მოგება მინდა, უფრო მოვუმატე ტექნიკურად, მაგრამ ვფიქრობ, ფიზიკური ცვლილებაც აშკარაა. 8-9 კილოგრამით მეტს ვიწონი, „ბოკაში“ თამაშის დროს ფიზიკურად უფრო პატარა ვიყავი.
სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ეს მეხმარება მომატებაში. „ბოკას“ საოცარი გულშემატკივრები ჰყავს, ევროპაში ძნელია ასეთი ცხელი ხალხის პოვნა, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში მშვიდი ადამიანი ვარ. ხანდახან ბევრ ყვითელ ბარათს ვიღებ და ეს ადასტურებს, რომ სასწავლი ბევრი მაქვს.
ხედირა ჩვენთვის მძიმე დანაკლისია. იმედი მაქვს, რომ გუნდს უფრო ადრე დაუბრუნდება, მას შეუძლია მოედანზე წარმოუდგენელი სამუშაოს შესრულება და გოლების გატანა. ახლა ემრე ჯანი იპოვის საკუთარ თავს, რომელსაც აქამდე მცირე დრო ეძლეოდა“, – განაცხადა ბენტანკურმა.