მთავარი / ბლოგი / “ბებერი სინიორას” ქამ-ბექის ანალიზი – გენიალური ემრე ჯანი

“ბებერი სინიორას” ქამ-ბექის ანალიზი – გენიალური ემრე ჯანი

ტურინის „იუვენტუსმა“ დაუვიწყარი თამაში ჩაატარა და მადრიდის „ატლეტიკო“ უშანსოდ, 3:0 დაამარცხა. ამ შეხვედრის მთავარი გმირი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

თუმცა, სხვების წვლილიც დიდია და შესაბამისად, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას სხვა გმირებიც ჰყავდა. მაგალითად – ემრე ჯანი.

თურქული წარმოშობის გერმანელმა ცალსახად, „იუვეს“ მაისურით საუკეთესო თამაში ჩაატარა. ემრემ 90 წუთის განმავლობაში სამ სხვადასხვა პოზიციაზე (ცენტრალური ნახევარმცველი, ცენტრალური მცველი, როცა „იუვე“ ეპიზოდურად სამი მცველით თამაშობდა და მარჯვენა მცველი) ითამაშა. ამ მატჩში მისგან დავინახეთ ის ფუნქციები, რომელიც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო.

საინტერესოა, რომ გერმანელს მოედნის ყველა წერტილში ნახავდით. მაგალითისთვის, 38-ე წუთზე იყო მომენტი, როდესაც 20-წამიან ინტერვალში მეტოქის საჯარიმოდან საკუთარ საჯარიმომდე აპრესინგებს მეტოქეს. დანარჩენი იხილეთ ფოტოებში.

ემრე ჯანმა მატჩი 91 შეხებით დაასრულა და მასზე მაღალი შედეგი მხოლოდ პიანიჩს ჰქონდა (99).

ჯანის ასეთი უჩვეულო როლი ორ მიზანს ემსახურებოდა:

პირველი – პიანიჩისთვის მეტი სივრცის შექმნას და თავისუფლების მინიჭებას.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი – ის თამაშობდა მესამე ცენტრალურ მცველად და ამ დროს ფლანგის ფეხბურთელები, სპინაცოლა და კანსელუ ბევრად წინ თამაშობდნენ. ისინი კარგად სარგებლობდნენ იმ სივრცეებით, როდესაც რონალდუ და ბერნარდესკი ცენტრში იწევდნენ.

ალეგრიმ როგორც გამოჩნდა, ძალიან კარგად შეისწავლა „ატლეტიკო“ და სწორი დასკვნები გამოიტანა. „იუვენტუსს“ ბურთი ჰქონდა, მაგრამ ცენტრიდან შეტევას პრაქტიკულად არ უცდია. ტურინელები კარგად ხვდებოდნენ, რომ მადრიდელთა კომპაქტური დაცვის გარღვევა ასე უფრო ძნელი, შესაძლოა შეუძლებელიც იქნებოდა. ამიტომ, სპინაცოლასა და კანსელუს ფლაგებზე მეტოქის მასირებული დაცვის მაქსიმალურად გაშლა დაევალათ.

„იუვემ“ პრაქტიკულად 70 წუთი 3-5-2 სქემით ითამაშა. ჯანი მარჯვენა ცენტრალური მცევლი იყო, ბონუჩი ცენტრალური, ხოლო კიელინი მარცხენა. დიბალას მოედანზე გამოსვლის შემდეგ კი გერმანელი მარჯვენა ფლანგზე გაამწესეს.

ჯორჯო კიელინისთვის მე-500 თამაში დიდებული გამოდგა. სხვათა შორის, ჯორჯო საკმაოდ ახლოს თამაშობდა მეტოქის საჯარიმოსთან და 18-დან 16 ჩაწოდება ზუსტი ჰქონდა. ის სპინაცოლასთან ხშირად მაქსიმალურად ახლოს თამაშობდა და ამ მხრივ იქმნებოდა უპირატესობა მარცხენა ფლანგზე. იგივე ითქმის საპირისპირო მხარეს ემრე ჯანისა და კანსელუს შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ რონალდუ და ბერნარდესკიც ხშირად გადადიონდნენ ფლანგებზე.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლეონარდო სპინაცოლას სიმამაცე და გამბედაობა, თანაც იმის ფონზე, რომ ეს მისი დებიუტი იყო ჩემპიონთა ლიგაზე. ლეონარდო საჯარიმოში ხშირად აქტიურობდა და 3 საკვანძო გადაცემაც შეასრულა ფლანგიდან. ჩაწოდებებში კი მოიკოჭლებდა, 8-დან მხოლოდ 2 გამოდგა ზუსტი.

სხვათა შორის, ცალკე უნდა აღინიშნოს ბერნარდესკის თამაში. ფედერიკოს შესანიშნავი საღამო ჰქონდა. მან საგოლე პასი გაუკეთა რონალდუს, მოიპოვა გადამწყვეტი პენალტი და მოედანზე რონალდუსთან ერთად ნამდვილი ლიდერი იყო.

რაც შეეხება „ატლეტიკოს“, „როხიბლანკო“ ძალიან უკან იდგა და კონტრშეტევაზე არც კი ფიქრობდა. როგორც ჩანს, ეს დიეგო სიმეონეს შეცდომა იყო. ან, უბრალოდ, „იუვენტუსმა“ საერთოდ არ მისცა ამაზე ფიქრის შანსიც კი…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …