ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველი ჰუსემ აუარი გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, ყველაფერიც შეთანხმებული გახლდათ.
ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, გარიგება მხოლოდ ერთი მიზეზით ჩაიშალა – ფედერიკო ბერნარდესკის გამო.
„იუვე“ მზად იყო აუარის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გაეღო და „ლიონში“ იჯარით ბერნარდესკი გაეშვა. თუმცა, იტალიელმა ნახევარმცველმა საფრანგეთში გადაბარგებაზე უარი თქვა, რის შედეგადაც, მხარეებს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ძალა დაკარგა და ტრანსფერი ჩაიშალა.
თუმცა, „იუვენტუსი“ მეორე ვარიანტზეც მუშაობდა, რომ აუარის შესაძენი თანხა დუგლას კოშტას გაყიდვით გამოემუშავებინა, მაგრამ ბრაზილიელი მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გაასხვისეს და აუარის ტრანსფერისთვის დრო არ დარჩა. იტალიური მედია იტყობინება, რომ არაა გამორიცხული სატრანსფერო საგა იანვარში გაგრძელდეს.