ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ პრესკონფერენცია გამართა და მასიმილიანო ალეგრის მადლობა გადაუხადა. ანიელის განცხადებით, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც მიუღია.
„დღეს ახალი მწვრთნელის შესახებ არ ვილაპარაკებ, რადგან აქ ვართ ალეგრის საზეიმოდ გასაცილებლად, რომელმაც „იუვენტუსის“ ისტორია დაწერა. მისი შედეგები საოცარია, ეს კი შესაფერისი მომენტია კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ციკლის დასახურად. ყველაზე მნიშვნელოვანია,რომ ჩვენ მეგობარი შევიძინეთ. ალეგრიმ გააკეთა ის, რაც ვერ მოხერხდა ჯანი ანიელის ეპოქაში, ზედიზედ 5 -ჯერ მიგო სკუდეტო, რაც 30-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა საშუალოდ ტრაპატონის შემდეგ.
2013 წლის მაისში, ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის საყურებლად ვიყავი. ალეგრი სწორედ იმ სასტუმროში იყო, სადაც მე და პარატიჩი. ერთხელაც მაქსი დავინახეთ და ფაბიოს მხარი გავკარი და ვუთხარი: ეს იქნება ჩვენი მომდევნო მწვრთნელი. ასეც მოხდა, 14 თვის შემდეგ, 2014 წლის 16 ივლისს, მაქსმა „იუვე“ ჩაიბარა.
როდესაც „აიაქსთან“ წაგების შემდეგ ვთქვი, რომ ალეგრი რჩებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. თუმცა, ბოლო თვეში ყველაფერს ანალიზი გავუკეთეთ. ხელმძღვანელობამ სწორ მომენტში სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ამის შემდეგ დავინახავთ, იყო თუ არა კორექტული გადაწყვეტილება.
იყო თუ არა ყველაზე რთული გადაწყვეტილება? დიახ, დიახ, ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე რთული არჩევანი იყო, მას შემდეგ რაც „იუვენტუსში“ ვარ. თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი კლუბისთვის სასარგებლოდ უნდა იყოს მიღებული“, – თქვა ანიელიმ.