ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში უნგრულ „ფერენცვაროშთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა განცხადა, რომ უნგრეთში მხოლოდ 3 ქულისთვის ჩავიდნენ.
„აქ გამარჯვებისთვის ვართ. ვუყურეთ და შევისწავლეთ „ფერენცვაროში“, ეს არის გუნდი, რომელიც თავდაჯერებული თამაშობს, კარგი სათამაშო ტექსტურით, „ბარსელონასთან“ 1:5 წაგება არ დაუმსახურებია. სწრაფი და აგრესიული მოთამაშეები ჰყავს.
“ბარსელონასთან” თამაში გვჭირდებოდა, რადგან ამ მატჩმა დაგვანახა სად გვჭირდება მომატება და გარკვეული ტიპის მატჩების ჩატარებას უფრო მეტი მონდომება და ორგანიზებულობა სჭირდება. ვიცოდით, რომ დიდ გუნდს ვხვდებოდით და გაგვიჭირდა, რადგან მათთან სეზონის დასაწყისშივე მოგვიწია თამაში. ამ მატჩის შემდეგ გარკვეულ ასპექტებზე ვიმუშავეთ და მომავალში ეს სასარგებლოდ იქნება. საპასუხო თამაშში უკეთეს ფორმაში ვიქნებით.
ტრიბუნებზე ხალხის ყოფნა უკეთესია და უკეთეს გარემოს ქმნის. უფრო მეტად ვგრძნობთ თამაშის რიტმს, სირთულეებთან გამკლავებას უფრო ვახერხებთ ან დაცვით ფაზაში უკეთ თამაშს. კვირას მაკკენიმ ის როლი შეასრულა, რასაც მანამდე რემზი და კულუშევსკი ასრულებდნენ. ჩვენი სათამაშო კონცეფცია არც ხვალ შეიცვლება“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „ფერენცვაროში“ – „იუვენტუსის“ მატჩი 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.