ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ ბრუნდება და 23-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად მომდევნო სეზონიდან იმუშავებს. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Sky Sport-ი ავრცელებს და მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია, რაც უახლოეს ხანში მოხდება.
ანდრეამ მიიღო ტურინელთაგან სასურველი წინადადება, რომელსაც დათანხმდა. მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბში ვეტერანი ფეხბურთელი რობერტო ბარონიოც იმუშავებს. ის და პირლო ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს, რადგან იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში და „ბრეშაში“ თანაგუნდელები წლების განმავლობაში იყვნენ.
23-წლამდე გუნდს დატოვებს ფაბიო პეკია, რომელმაც ორი დღის წინ სერია C-ს იტალიის თასი მოაგებინა „იუვეს“ მეორე გუნდს.
რაც შეეხება ანდრეა პირლოს, როგორც იტალიური მედია ვარაუდობს, ტურინელები მას მთავარი გუნდის მწვრთნელობისთვის ამზადებენ, თუმცა ჯერ გარკვეული გამოცდილება მეორე გუნდში უნდა მიიღოს.
ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და 164 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.