იყო ერთი ბიჭი, გრძელი თმებით და 10 ნომრით ზურგზე. გოლის გატანა ყველანაირ სიტუაციაში შეეძლო, ისევე, როგორც ეს 1998 წლის 26 აპრილს მოახერხა, „ინტერთან“ მატჩში და „იუვენტუსს“ სკუდეტო მოაგებინა.
მაშინ ის მხოლოდ 23 წლის იყო, ხოლო 2012 წლის 25 მარტს, როდესაც ასევე „ინტერს“ გაუტანა ახალ სტადიონზე, უკვე 27 წლის. დღეს, ის Sky Sport-ის მიმომხილველია.
Gazzetta Dello Sport-ში ალესანდრო დელ პიეროს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ თემას დაეთმო:
მეტოქეობა – ეს იყო ყველაზე დიდი მეტოქე, რომელიც მყოლია. ასევე გახლდათ „მილანიც“, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ „ინტერთან“ მატჩები უფრო ინტენსიური იყო ბევრი მიზეზის გამო.
გამოწვევა ფენომენთან (ბრაზილიელ რონალდოსთან) – მასთან დუელი ბრწყინვალე იყო. 1998 წელს ორივე უმაღლეს დონეზე ვთამაშობდით, ბოლომდე მზად ვიყავით, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. რონალდო ჩემთვის დიდი სტიმული იყო.
საუკეთესო მოგონება დერბი დ’იტალიიდან – „2006 წლის თებერვალში, „სან სიროზე“ მატჩი. მატჩის მიწურულს ჯარიმა გავიტანე და ენის გამოყოფოთ აღვნიშნე.
„ინტერი“: „ანტიიუვე“ – დიახ, ვფიქრობ, რამდენიმე წელი ასე იქნება. ხელმძღვანელობა სოლიდურია, მწვრთნელი გამოცდილი. თუმცა, ნათელია, რომ სკუდეტოს დაკარგვა მხოლოდ „იუვეზე“ იქნება დამოკიდებული.
კრიშტიანუ – რა თქმა უნდა, ველოდი, რომ კარგად ითამაშებდა, რადგან „იუვეში“ იდეალური გარემოა ასეთი ფეხბურთელებისთვის, თავისი მენტალიტეტით.
დიბალა – ძალიან ბედნიერი ვარ მისი პროგრესით. პაულოს ისეთი ხარისხი აქვს, ყველაფერი შეუძლია. ჩვენი გზები თან მსგავსია და თან განსხვავებულიც. ბევრი რა, სათამაშო ორგანიზაციაზეც იქნება დამოკიდებული.
იკარდი – ის დიდი ფორვარდების კატეგორიას მიეკუთვნება. ის საჯარიმოს ისეთი ფეხბურთელია, როგორებიც ინძაგი, ტრეზეგე, ვიერი და ყოველთვის გოლს იტანს.
კიელინი – კაპიტნის სამკლავური მისთვის ძალიან კარგია. ის ბოლო ფეხბურთელია, რომელიც გუნდს სერია B-ში გაჰყვა. ალბათ, სეზონის საუკეთესო სტარტი აქვს კარიერაში. შეიცავს ამბიციებს, მენტალიტეტსა და „იუვეს“ ფიქრებს.
ჩემპიონთა ლიგა – ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მიზანი. „იუვემ“ დაამტკიცა, რომ როდესაც გამარჯვების სურვილი აქვს, იმარჯვებს.
მძიმე ტრავმა (1998 წელს) – პირველი ალესანდრო დელ პიეროს კარიერა (მძიმე ტრავმამდე) „ინტერთან“ მატჩიდან სამ ტურში დასრულდა. მაშინ იტალიური ფეხბურთი ყურადღების ცენტრში იყო, მე კი, ბედნიერი და ამაყი ვიყავი. თუმცა, ვფიქრობ, მენტალურად მეორე დელ პიერო უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პირველი. ჩემს დაბრუნებასთან დაკავშირებით დიდი ეჭვები გახლდათ, ბევრი სურთულის წინაშე ვიდექი და გადავლახე.