ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა მასიმილიანო ალეგრიმ. მაქსის განცხადებით საოცარი 5-წლიანი პერიოდი დასრულდა.
„დასრულდა 5 საოცარი წელი, მოვიგეთ კიდევ ერთი სკუდეტო. დღეს ბიჭებმა კარგად ითამაშეს, თუმცა, ბოლოსკენ კონცენტრაცია დავკარგეთ. ამასთან, კაპრარიმ დიდებული ჯარიმა გაგვიტანა. ახლა იწყება ახალი ერა და ვინც მოვა, გამარჯვებულ გუნდს ჩაიბარებს, რომელსაც ექნება, როგორც ჩემპიონატის ისევ მოგების, ისე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწების შანსი.
ჩემი მომავალი? – როდესაც მექნება შესაძლებლობა დავუბრუნდები სამსახურს, თუ საინტერესო წინადადება მექნება, რომელიც მოტვაციას მომცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი წელი დავისვენებ. მინდა ავირჩიო ადგილი, სადაც საქმის გაკეთებას კარგად და სასიამოვნოდ მოვახერხებ. წინადადებები? ამ დროისთვის არანაირი შემოთავაზება არ მქონია“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატი 90 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მასიმილიანო ალეგრიმ კი „იუვეს“ 5 წელიწადში 11 ტიტული მოაგებინა.