მასიმიალიანო ალეგრის ტურინული მომავალი სეზონის ფინიშზე იქნება დამოკიდებული. მიუხედავად იმოსა, რომ რამდენიმე დღის წინ ფაბიო პარატიჩიმ ალეგრის ნდობა საჯაროდ გამოუცხადა, იტალიური მედია სხვაგვარ ცნობას ავრცელებს.
ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული. წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ალეგრიმ ზაფხულში გუნდი დატოვოს, თანაც, იტალიელ სპეციალისტს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ. გუშინ ალეგრიმ პრესკონფერენციაზე თქვა:
„ბედნიერი ვარ „იუვენტუსში“ ყოფნით, კონტრაქტი მაკავშირებს. მაგრამ გარანტირებულად არაფრის თქმა შეგვიძლია. ამჟამად, აწმყოზე ვარ კონცენტრირებული და გვინდა ტიტულები მოვიგოთ. სუპერთასი უკვე მოვიპოვეთ, ახლა სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის დროა“, – თქვა ალეგრიმ.
მასიმილიანოს „ბებერ სინიორასთან“ ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მის სავარაუდო მემკვიდრედ ზინედინ ზიდანი სახელდება, რომლის ტურინში დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხი უნდა იყოს.
ფრანგის გარდა იტალიურ მედიაში ნახსენებია იურგენ კლოპიც, რომელიც მთალიანად შეცვლის გუნდის სათამაშო ფილოსოფიას, მაგრამ აქ მესამე მხარეცაა – „ლივერპული“. გარდა ამისა, არაა გამორიცხული „იუვეს“ დიდიე დეშამიც დაუბრუნდეს, რომელიც როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი უკვე მუშაობდა იტალიურ გრანდში.