ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 12 მარტისთვის მზად იქნება, მაგრამ იქამდე დარჩენილი სამი თამაში მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს.
„ბოლონიასთან“ მატჩი
პირველ რიგში ვუთანაგრძნობ ანიელების ოჯახს ქალბატონი მარელას გარდაცვალების გამო. მატჩს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც „ბოლონიას“ მწვრთნელი შეეცვალა, სხვა სახე გვაჩვენა, რომში წაგება არ დაუმსახურებია და რთული გუნდია. ჩვენ „ნაპოლისთან“ შეხვედრას მაქსიმალური უპირატესობით უნდა შევხვდეთ. სკუდეტომდე რვა გამარჯვება გვრჩება. მიუხედავად იმისა, რომ 13-ქულიანი უპირატესობა გვაქვს, სერია A დახურული არაა, რადგან უშუალო კონკურენტთან სათამაშო გვაქვს.
შემადგენლობა
კარში პერინი იქნება. კანსელუც მოედანზე პირველივე წუთიდან გავა. კიელინის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია და შესაძლოა, დაისვენოს. ნახევარმცველებში პიანიჩი კარგად არაა. დუგლას კოშტა? იმედია დაგვიბრუნდება. როდესაც მზად იქნება, ითამაშებს.
„ატლეტიკო“
20 დღე გვაქვს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად. შესანიშნავი საღამო იქნება, რომელსაც მასიმალური ადრენალინითა და ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ. არ ვიცით, გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოხდეს. იმისთვის, რომ ამ თამაშს საუკეთესო კონდიციებში შევხვდეთ, მომდევნო სამი მატჩი კარგად უნდა ჩავატაროთ. ოთხშაბათის მატჩი შეცდომა იყო და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვემზადოთ. ბოთლი წყლით ნელ-ნელა უნდა შევავსოთ. „ატლეტიკო“ მნიშვნელოვანი გუნდია, ბოლო წლებში სამჯერ მოიგო ევროპა ლიგა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. მეორე თამაში სრულიად განსხვავებულად უნდა ჩავატაროთ, ვიდრე პირველი. ახლა რომ ვთამაშობდეთ საპასუხო შეხვედრას, გამოვვარდებოდით, მაგრამ 12 მარტს შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი გვაქვს, რადგან ერთი რამ ცხადია – 12 მარტს მზად ვიქნებით.
გასახდელი
ფეხბურთელები კარგად არიან, მშვიდად. გუშინ კარგი საწვრთნელი პროცესი გვქონდა. მადრიდში მომხდარი მხოლოდ განსაკუთრებულ რამეში უნდა გარდავსახოთ.
შეგახსენებთ, რომ „ბოლონიასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 24 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.