უკვე 17 წელია 5 მაისი იუვენტინოებისთვის ძვირფასი და ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოსაგონარი თარიღია. ზუსტად 17 წლის წინ, 2002 წლის 5 მაისს, „იუვენტუსმა“ ისტორიაში 26-ე სკუდეტო მოიგო.
2001-2002 წლების სეზონი „ინტერის“ უპირატესობით მიმდინარეობდა და ბოლო ტურამდე „ნერაძური“ სკუდეტოსთან ძალიან ახლოს იყო, გათამაშებას ლიდერობდა. მაშინ, სეზონის ბოლო, 34-ე ტური 5 მაისს ჩატარდა და ყველა, ცხრავე თამაში ერთმანეთის პარალელურად დაიწყო.
„ინტერს“ 69 ქულა ჰქონდა, „იუვეს“, 68, „რომას“, 67. შესაბამისად, ჩემპიონობის შანსს სამივე გუნდი ინარჩუნებდა, თუმცა, რადგან „ინტერი“ ლიდერი იყო, ყველაფერი მასზე გახლდათ დამოკიდებული. ბოლო ტურის მატჩების წინ ჯანლუიჯი ბუფონმა ერთ-ერთ ინტერვიუში საჩემპიონო შანსები ასე გადაანაწილა: „ინტერი“90%, „იუვენტუსი“ 9%, „რომა“ 1%.
ბოლო ტურში „რომა“ „ტორინოს“ სტუმრობდა, „ინტერი“ „ლაციოს“, ხოლო „იუვე“ „უდინეზეს“. „ჯალოროსიმ“ ტურინში „ხარებს“ აჯობა და ბრძოლაში დარჩა. თუმცა, ფაბიო კაპელოს გუნდს ჩემპიონობა რომ შეენარჩუნებინა, ვერც „იუვეს“ უნდა მოეგო და ვერც „ინტერს“.
„ნერაძური“ რომში, „ლაციოსთან“ ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, 2:4 წააგო. დუბლი შეასრულა კარელ პობორჟსკიმ, თითოჯერ სიმონე ინძაგიმ და დიეგო სიმეონემ გაიტანეს. პარალელურად, „იუვემ“ უდინეში, „უდინეზე“ მატჩის დასაწყისშივე დავიდ ტრეზეგესა და ალესანდრო დელ პიეროს გოლებით დაამარცხა.
სეზონი ასეთი შედეგით დასრულდა: „იუვენტუსი“ 71 ქულა, „რომა“ 70 ქულა, „ინტერი“ 69 ქულა.
ტურინელი ტიფოზები 5 მაისს ჩვეულებრივ დღედ არ თვლიან, ეს მათთვის დღესასწაულია, რადგან „ინტერს“ ნანატრი სკუდეტო ბოლო ტურში არ დაუთმეს.