მთავარი / სიახლეები / -2 ქულა, -1 პოზიცია?

-2 ქულა, -1 პოზიცია?

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-14 ტურში საკუთარ მოედანზე მოულოდნელად ორი ქულა დაკარგა, რაც შესაძლოა ლიდერის პოზიციის დაკარგვის ფასად დაუდჯეს.

არადა, „იუვემ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და აშკრა ფავორიტიც იყო, რადგან მეტოქე წარუმატებელ სეზონს ატარებს და თანაც, ტურინელებს წარსულში ამ გუნდის დამარცხება როგორც წესი არ უჭირდათ.

თუმცა, კოკამ წყალი ამჯერად არ მოიტანა. „იუვენტუსი“ მთელი სეზონია ბეწვსი ხიდზე დადის, მაგრამ გამარჯვებებს მაინც ახერხებდა, ახლა კი, არადამაჯერებელი თამაში საკმარისი არ გამოდგა დადებითი შედეგისთვის.

თუმცა, მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, მეოცე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ანგარიში გახსნა. მაგრამ უპირატესობა ორი წუთი გაგრძელდა. მიმდინარე სეზონში ხშირია შემთხვევები, როდესაც მაურიციო სარის გუნდი გატანილი გოლის შემდეგ კონცენტრაციას კარგავს და უშვებს. ახლაც ასე იყო და ჟერემი ბოგამ უმალვე გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ჯერ მატიას დე ლიხტი შეცდა, ფრანჩესკო კაპუტომ სუსტად დაარტყა, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონმა სველი ბურთი ხელებში ვერ შეიმარგა და სტუმრები წინ გავიდნენ.

სარიმ თამაშიდან ფედერიკო ბერნარდესკი ჩახსნა და პაულო დიბალა შეიყვანა მინდორზე. ამან მასპინძლები გამოაცოცხლა, არგენტინელი კარგად ირჯებოდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. 67-ე წუთზე კი, რომანიასთან ჭიდილში პენალტი მოიპოვა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. „ბებერ სინიორას“ მოგებაც შეეძლო, მაგრამ ჯერ დიბალამ ვერ გაიტანა, შემდეგ აარონ რემზიმ. უნდა აღინიშნოს „სასუოლოს“ 18 წლის მეკარის, ტურატის შესანიშნავი გარჯა, რომელმაც რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია და გამოსარჩევი რონალდუ ჯარიმა და დიბალას ეპიზოდი იყო.

საბოლოო ჯამში „იუვემ“ ორი ქულა გაანიავა და ახლა „ინტერს“ ორი ქულით უსწრებს. რაც იმას ნიშნავს, რომ „ინტერს“ გაუჩნდა გალიდერების შანსი. ანტონიო კონტეს გუნდი „სპალს“ მასპინძლობს და ძნელად წარმოსადგენია, რომ ასეთი დიდებული შესაძლებლობა გაანიავოს.

„იუვენტუსს“ კი, მომდევნო ტურში ურთულესი მატჩი აქვს, რომში, „ლაციოსთან“….

„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 2:2 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): ბუფონი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი (მატუიდი 54), პიანიჩი, ბენტანკური; ბერნარდესკი (დიბალა 53); იგუაინი (რემზი 79), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„სასუოლო“ (4-3-3): ტურატი; ტოლიანი, მარლონი, რომანია, კირიაკოპულოსი; მანიანელი, ტრაორე (დანკანი 62), ლოკატელი; ჯურიჩიჩი (მულდური 72), კაპუტო, ბოგა (პელუზო 90)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

გოლები: 1:0 ბონუჩი (20), 1:1 ბოგა (22), 1:2 კაპუტო (47), 2:2 რონალდუ (68, პენ)

გაფრთხილება: პიანიჩი (88) – ჯურიჩიჩი (40), ლოკატელი (65), ტოლიანი (78), კირიაკოპულოსი (81), მულდური (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 8 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …