მთავარი / სიახლეები / როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული იტალიელი ფეხბურთელია, ამიტომ მისი მომავალი საინტერესოა.

იტალიური მედია წერს, რომ როველას პირადად პეპ გვარდიოლა აკვირდება და ძალიან მოსწონს ნიკოლოს სათამაშო სტილი. ასე რომ, შეიძლება ზაფხულში „მანჩესტერ სიტიმ“ „იუვეს“ წინადადებებით მიმართოს.

თავის მხრივ, როველას მომავალში „იუვეში“ შეაფასებენ. ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე მესამე სეზონია სერია A-ში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს – გასული ორი სეზონი „ჯენოაში“, ახლა კი „მონცაში“. მან შანსი „იუვენტუსშიც“ მიიღო პრესეზონსა და შემდეგ სერია A-ს საწყის ტურებში, სანამ 31 აგვისტოს, „მონცაში“ გადავიდოდა იჯარით და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. პრესა ვარაუდობს, რომ როველა ზაფხულში ტურინში დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ფაბიო მირეტის (19 წლის) და ნიკოლო ფაჯოლის (21 წლის) კარგმა თამაშმა, რომლებმაც არათუ მთავარ გუნდში, არამედ ძირითად შემადგენლობაში კარგად წარმოაჩინეს თავი, ტურინში ახალგაზრდებისადმი ნდობა გაზარდა. განსაკუთრებით ეფექტურად ფაჯოლი გამოიყურება, რომელმაც შანსი ვესტონ მაკკენის ტრავმის შემდეგ მიიღო და მას მერე, მასიმილიანო ალეგრი მუდმივად ათამაშებს, თანაც ნიკოლომ 2 გოლი გაიტანა – „ლეჩესა“ და „ინტერთან“. ამასთან, ძალიან კრეატიული და დამაჯერებელი ფეხბურთი ითამაშა. ფაბიო მირეტის ალეგრი გასული სეზონის ბოლოდან ენდობა და ჯერ სადებიუტო გოლი არ გაუტანია, მაგრამ მასშიც დიდი პოტენციალი ჩანს. თან, მირეტი 19 წლის მხოლოდ 3 თვის წინ გახდა და ჯერ ბუნებრივია, ყველაფერი წინ აქვს.

ფაჯოლის, მირეტის და როველას პროგრესის ფონზე, როცა ბოლო დროს კარგად ათამაშდა მანუელ ლოკატელიც და ადრიენ რაბიოც, ვესტონ მაკკენის ალბათ გუნდის დატოვება მოუწევს. ვარაუდობენ, რომ „იუვე“ ამერიკელის გაყიდვას იანვარშივე ეცდება. არცთუ დიდი შანსია, რომ ტურინელებმა ზაფხულში ლეანდრო პარედესი გამოისყიდონ, რომელსაც დღემდე საიმედო არაფერი უჩვენებია „ბიანკონერის“ მაისურით და ზემოხსენებული ნახევარმცველები მასზე გაცილებით უკეთ თამაშობენ. არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდშია პოლ პოგბა, რომელიც ტრავმის შემდეგ სეზონის მეორე ნაწილში დიდი ალბათობით დაბრუნდება. ამრიგად, „იუვენტუსის“ ნახევარდაცვის პრობლემები ნელ-ნელა წარსულს უნდა ჩაბარდეს. ყოველ შემთხვევაში, ფაჯოლისა და მირეტის შესანიშნავმა თამაშმა გუნდის თამაში აშკარად შეცვალა და რაც მთავარია, მათთან ერთად გაცილებით უკეთ ათამაშდნენ რაბიო და ლოკატელი. სხვათა შორის, ფრანგს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და მხარეები ხელფასზე თუ მორიგდნენ, ადრიენი ალბათ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

ზაფხულში რაბიოს კონტრაქტის გარდა, როველას თემაც აქტუალური იქნება. პეპ გვარდიოლას ინტერესის არსებობს, მაგრამ „იუვენტუსი“ ნიჭიერ ნახევარმცველს ალბათ დაიბრუნებს და შეიძლება ითქვას, რომ ის, ფაჯოლის, მირეტისა და ლოკატელისთან ერთად ტურინული გრანდის ნახევარდაცვის მომავალია. რაც მთავარია, ოთხივე იტალიელია და ოთხივე ახალგაზრდაა – ლოკატელი მხოლოდ 25 წლისაა, ფაჯოლი 21 წლის, როველა 20 წლის და მირეტი 19 წლის…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …